აზერბაიჯანის საელჩოსთან, კახის რაიონის წმინდა გიორგის სახელობის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილის მხარდასაჭერად ახალგაზრდების აქცია მიმდინარეობს. აქციაში თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების 25-მდე სტუდენტი მონაწილეობს. აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები, რომელზეც აღნიშნულია, რომ მართლმადიდებელი ერი მხარს უჭერს არქიმანდრიტ დემეტრეს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ სასულიერო პირს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მართლმადიდებლური მსახურების ჩატარების უფლება მიეცეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისტორიულ ჰერეთში მოქმედი ერთადერთი წმინდა გიორგის ტაძარი მოძღვრის გარეშე დარჩა. ახალგაზრდებმა აზერბაიჯანის მთავრობას მიმართეს, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობისა და პარტნიორობის ნიშნად არქიმანდრიტი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაუშვან. როგორც ისინი აცხადებენ, მამა დემეტრეს მოსთხოვეს აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღება იმისათვის, რომ ეკლესიაში მსახურება გააგრძელოს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ თუ შესაძლებელი იქნება აზერბაიჯანის სახელმწიფომ მამა დემეტრეს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭოს. მათივე თქმით, არქიმანდრიტმა დემეტრემ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადასვლა 21 ივნისს ვეღარ შეძლო, რადგან საბაჟოზე მას პრობლემები შეექმნა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, არქიმანდრიტ დემეტრეს მსახურებისთვის რამდენიმე საათი ჰქონდა გამოყოფილი, რომელშიც უნდა ჩატეულიყო.
აქციის ორგანიზატორის დანიელ ყულოშვილის განცხადებით, ისინი აპირებენ დღეს მიმართვა შეიტანონ აზერბაიჯანის საელჩოში ხელმოწერებით, ასევე სახელმწიფო კანცელარიაში, რათა არქიმანდრიტ დემეტრეს მიეცეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მსახურების უფლება.