სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სდსს-ს სასწავლო ცენტრში განაცხადა, სადაც აღნიშნული სამსახურის დაარსების 21-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.
როგორც პრემიერმა განმარტა, ეს დამსახურებაა სამსახურის თითოეული თანამშრომლის, რომელიც პირნათლად და ერთგულად ემსახურება სამშობლოს.
"ჩემთვის დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. დღეს 21 წელი შესრულდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან. ამიტომ მინდა მთელ პირად შემადგენლობას, სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მივულოცო დღევანდელი დღე. საქმე, რომელსაც თქვენ ემსახურებით, არის მეტად მნიშვნელოვანი და საპატიო. ეს არის ხალხის და ქვეყნის სამსახური, რომელიც პირველ რიგში დიდ ერთგულებას, მაღალ პროფესიონალიზმს და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. თქვენ იცავთ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს, ასევე სტრატეგიულ ობიექტებს და აკეთებთ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მინდა პირადად გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ასე პირნათლად და ერთგულად ემსახურებით სამშობლოს და პირნათლად ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას. სწორედ თითოეული თქვენგანის დამსახურებაა ის, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა 140 წვევამდელსაც მიმართა, რომლებმაც ღონისძიების ფარგლებში ფიცი დადო და იმედი გამოთქვა, რომ ისინი შემართებით და საქმისადმი ერთგულებით გააგრძელებენ ქვეყნის წინაშე სამსახურს.
"მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს წვევამდელებს, რომლებმაც სამშობლოს წინაშე ფიცი დადეს, ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შემართებით და საქმისადმი ერთგულებით გააგრძელებთ სამსახურს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე და მჯერა, რომ თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების და გაძლიერების საქმეში", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გაძლიერებაში სტრატეგიული პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი და სხვა სახელმწიფოები ეხმარებიან, რის კონტექსტშიც მათ მადლობა გადაუხადა.