აშშ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას დადებითად აფასებს

აშშ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას დადებითად აფასებს

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა დადებითად შეფასდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ.

წლიურ მოხსენებაში საუბარია საქართველოში სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე, კერძოდ, უკანასკნელი ცვლილებების შედეგად გაიზარდა მოსამართლის როლი და შესაძლებლობა, მახდინოს რეაგირება არასათანადო მოპყრობის შესახებ ეჭვის შემთხვევაში.

"სასამართლო მონიტორინგის შედეგად მოსამართლეები აგრძელებენ ტენდენციას ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა, ვიდრე პროკურატურა ითხოვს. მაგალითად, იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 34% შემთხვევებში შეუფარდა გირაო, მაშინ, როდესაც პროკურატურა ითხოვდა პატიმრობის შეფარდებას. 2012 წლამდე პროკურატურის შუამდგომლობებს სასამართლო 100%ით აკმაყოფილებდა. ასევე, საქმეების 55 %-ში, სადაც პროკურატურა ითხოვდა გირაოს შეფარდებას, სასამართლომ თანხის უფრო ნაკლები ოდენობა განსაზღვრა, ვიდრე პროკურატურა ითხოვდა",- აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარისში.

დოკუმენტის თანახმად, სპეციალისტების განცხადებით, სასამართლოები იყენებენ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას თავიანთი გადაწყვეტილების დასაბუთებულობისათვის.

ამავე დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა არცერთი გატაცება, გაუჩინარება პოლიტიკური მოტივებით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, თავისუფლების აღკვეთის და შეზღუდვის დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას აღარ აქვს სისტემური სახე. ასევე, მოხდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის შემცირება 90 დან 15 დღემდე.

"სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაზარდა სამედიცინო ხარჯი ერთ პატიმარზე 315 ლარიდან 1330 ლარამდე. გაიზარდა საკვების ულუფაც. ხელფასები გაიზარდა 60%-ით კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით. გაუმჯობესდა ციხეების სამედიცინო სერვისები და ობიექტები", - აღნიშნულია ანგარიშში.