სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არაპირდაპირ, თუმცა კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ადამიანის უფლებათა შესახებ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

"უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ამ დოკუმენტში კონფლიქტის რეგიონები საქართველოს კონტექსტშია განხილული და ეს არაპირდაპირ, თუმცა კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. რაც შეეხება ამ რეგიონებში მიმდინარე პროცესების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, მიმაჩნია, რომ ამ რეგიონებში მართლაც საკმაოდ რთული ვითარებაა, განსაკუთრებით ეს ეხება რუსიფიკაციის მცდელობას. საოკუპაციო ძალები რუსეთის სახით ყველაფერს აკეთებენ, რათა აფხაზეთში ქართულ ენაზე სწავლების პირობები მინიმუმზე დავიდეს. ქართულ ენაზე სწავლება ჯერჯერობით, მიმდინარეობს, თუმცა, ქართული ენის სწავლების შესაძლებლობა მუდმივად ვიწროვდება. ეს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ამ რეგიონებში ქართული მოსახლეობის რუსიფიკაცია, რაზეც პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს ეკისრება. მიმაჩნია, რომ მიმართულებით საჭიროა ყურადღების მეტად გამახვილება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მინისტრმა ასევე ანიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ცდილობს, ქართული მოსახლეობა აფხაზების წინააღმდეგ გამოიყენოს.

"წარსულში დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას აბრალებდა, რომ გალის რაიონში გარკვეულ ნეგატიურ პროცესებს მართავდა და მათი პოზიცია დაახლოებით ასე ჟღერდა: "ჩვენ გვსურს, დავიცვათ გალელები და ამაში საქართველო გვიშლის ხელს". დღეს ამას ვეღარ ამბობენ და ამით გამოჩნდა, რომ მათ არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ საერთოდ ქართველების მიმართ აქვთ აგრესია. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული გამოვლენაა მათი აგრესიული პოლიტიკისა და ჩვენ და მთელმა მსოფლიომ ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას, რათა მომავალში მსოფლიოს ნათლად დავანახოთ, რამდენად კონსტრუქციულია საქართველოს მხარე და რამდენად არის მზად ამ სამშვიდობო პოლიტიკის რეალიზებისთვის, რომელიც აუცილებლად მოგვიტანს დადებით შედეგებს", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.