თბილისის მერიისთვის ვერეს ხეობაში

თბილისის მერიისთვის ვერეს ხეობაში "ქართული მანჰეტენის" მოწყობის პროექტი უცნობია

თბილისის მერიისთვის ვერეს ხეობაში "ქართული მანჰეტენის" მოწყობის პროექტი არავის წარუდგენია, - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მერიის განმარტებით, საზოგადოების ერთმა ჯგუფმა დღეს გაავრცელა ინიციატივა ვერეს ხეობაში ქართული მანჰეტენის მოწყობის შესახებ. როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, ისინი გეგმავენ ინიციატივით შესაბამის უწყებებს მიმართონ.

"მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ პროექტის ინიციატორებს დედაქალაქის მერიისთვის არანაირი ინიციატივით ამ დრომდე არ მოუმართავთ. შესაბამისად, არ ვიცით, რას წარმოადგენს პროექტი, რომელიც ვერეს ხეობის ქართულ მანჰეტენად ქცევას ითვალისწინებს", _ აცხადებენ მერიაში.

მათივე თქმით, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია აქტიურად მუშაობს, რათა შესაბამისი კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით ვერეს ხეობის შემდგომი განვითარების გეგმა შემუშავდეს.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული კომისიის მორიგი სხდომა თბილისის მერიაში დღეს, 20:00 საათზე, გაიმართება.