თბილისის მერიამ სტიქიით დაზარალებულს ოპერაციისთვის საჭირო თანხა სრულად აუნაზღაურა

თბილისის მერიამ სტიქიით დაზარალებულს ოპერაციისთვის საჭირო თანხა სრულად აუნაზღაურა

თბილისის მერიამ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ვაზგენ ალავერდიანს ოპერაციისთვის საჭირო თანხა სრულად აუნაზღაურა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ვაზგენ ალავერდიანი წყნეთის ქუჩის მცხოვრებია. მას ექიმებმა კისრის ლიმფური კვანძების დაუზუსტებელი დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს და კისრის ლიმფური კვანძების გაშლილი დამზოგველი ამოკვეთის ოპერაცია დაუნიშნეს.

მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულმა ოპერაციის დაფინანსების თხოვნით თბილისის მერს დავით ნარმანიას მიმართა. თბილისის მერიის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ვაზგენ ალავერდიანის ოპერაციისთვის მოთხოვნილი თანხის მთლიანად დაფინანსიების თაობაზე საგარანტიო წერილი გასცა.

როგორც ვაზგენ ალავერდიანმა განაცხადა, სტიქიის შედეგად, როდესაც ის მეზობლებს ყვირილით აღვიძებდა და მათ გაქცევისკენ მოუწოდებდა, მისი მდგომარეობა გართულდა. მისივე თქმით, როგორც ექიმებმა განაცხადეს, ჯანმრთელობის გაუარესება სტრესმა და მაღალმა ნერვულმა ფონმა გამოიწვია.

ვაზგენ ალავერდიანი ოპერაციულ მკურნალობას "ავერსის" კლინიკაში გაივლის.