ე.წ ისლამური სახელმწიფო ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს

ე.წ ისლამური სახელმწიფო ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს

ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ ისლამური სახელმწიფო ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, - "ბი-ბი-სის" ცნობით, ამის შესახებ განცხადება ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა გააკეთა.

მისივე თქმით, ჩეჩნეთის მოსახლეობას მშვიდი ცხოვრება სურს. "განცხადება, ჩრდილოკავკასიელი "ბოევიკების" სახელით, რომ მათ ერთგულება შეფიცეს ისლამურ სახელმწიფოს, არაფერია, თუ არა სიცრუე. არა მგონია, იმ ბანდიტებმა, რომლებიც ტყეებში იმალებიან, სერიოზული დახმარება გაუწიონ რადიკალიზმს. ამ ნაძირლებს უბრალოდ არანაირი შანსი არ აქვთ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. სიტუაციას ჩვენი ძალოვანი უწყებები სრულად აკონტროლებენ. მშვიდობიან ცხოვრებას მოსახლეობის 99,9% უჭერს მხარს", - განაცხადა რამზან კადიროვმა.

როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, გასულ კვირას ტერორისტული დაჯგუფება "იმარატ კავკაზის" სახელით ინტერნეტში გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც საუბარია "იმარატ კავკაზისა" და "ისლამური სახელმწიფოს" კავშირზე. მოგვიანებით თავად ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ გაავრცელა მიმართვა, სადაც დაჯგუფების პრესსამსახურის ხელმძღვანელი, აბუ-მუჰამედ ალ-ადნანი ამბობს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ჯარისკაცებმა კავკასიაში ხალიფასადმი ერთგულების ფიცი დადეს. ამასთან, დაჯგუფებამ კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ განაცხადა.