დავით ჯუღელმა მხარეებს მიმართა, თუ მის გადაწყვეტილებებს მიკერძოებულად მიიჩნევენ, უზენაეს სასამართლოს მიმართონ

დავით ჯუღელმა მხარეებს მიმართა, თუ მის გადაწყვეტილებებს მიკერძოებულად მიიჩნევენ, უზენაეს სასამართლოს მიმართონ

ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე დავით ჯუღელმა მხარეებს მიმართა, თუკი მის გადაწყვეტილებებს მიკერძოებულად მიიჩნევენ, შეუძლიათ, უზენაეს სასამართლოს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართონ.

მოსამართლემ აღნიშნული განცხადება დღეს, მას შემდეგ გააკეთა, რაც სისხლის სამართლის საქმე არსებით განხილვაზე გადაიცა. დავით ჯუღელის ეს განცხადება ბრალდებისა და დაცვის მხარეების წარმომადგენლებმა შეაფასეს.

როგორც ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა აღნიშნა, მას მიაჩნია, რომ მოსამართლის განცხადება მიმართული იყო ბრალდების მხარის მისამართით.

"ეს არის იმის ასახვა, თუ რა ზემოქმედება და ზეწოლა ხორციელდებოდა მოსამართლეზე უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. სრულიად დაუშვებლად მიმაჩნია და ამას ყურადღება უნდა მიაქციოს უზენაესმა სასამართლომ და ისუტიციის უმაღლესმა საბჭომ. ეს არის, ფაქტობრივად, პირდაპირი იერიში სასამართლოს დამოუკიდებლობაზე", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

საქმის ერთ-ერთი პროკურორის, ნინო აღლემაშვილის თქმით კი, მოსამართლის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაში მოხდება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაანალიზება, რის შემდეგაც ბრალდების მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას, მიმართოს თუ არა მოსამართლის ქმედებებთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებს.

"ეს საკითხი პროკურატურაში გაანალიზდება, ასევე, გაანალიზდება პროცესის მსვლელობა და მას შემდეგ, რაც მოსამართლის მიერ ყველა პროცესზე მიღებული გადაწყვეტილებები ჯეროვნად შეფასდება, ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ. პროკურატურის პოზიციები ამ საქმეში იყო ყოველთვის მყარი და მტკიცებულებებით არგუმენტირებული", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.

მისი თქმით, მოსამართლე გაკეთებული განცხადების დროს გულისხმობდა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელიც ეხება ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას და კაბელების საქმეზე ბრალდებულების გირაოს გარეშე გამოშვების გადაწყვეტილებებს.

"შეფასდება იყო თუ არა მოსამართლის მხრიდან კონკრეტული საკითხებისადმი მიკერძოებული დამოკიდებულება და სწორედ ამის ანალიზი მოხდება პროკურატურაში, რის შემდეგაც პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.

რაც შეეხება ე.წ. კაბელების საქმეზე არსებითი განხილვის თარიღს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის არსებითი განხილვა 10 ივლისს დაიწყება.