„ისლამისტებთან დაძაბულობის პიკზე საქართველო, შესაძლოა, კორიდორად იქნეს გამოყენებული“

„ისლამისტებთან დაძაბულობის პიკზე საქართველო, შესაძლოა, კორიდორად იქნეს გამოყენებული“

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით თევზაძის შეფასებით, კონკრეტულად ძნელი სათქმელია თუ რა დამატებითი საფრთხის მომტანია ის ფაქტი, რომ კავკასიელმა ისლამისტებმა „ისლამურ სახელმწიფოს“ ფილიალი დაარსეს.

თუმცა, როგორც თევზაძემ „პირWელს“ განუცხადა, ეს ნიშნავს, რომ „ისლამური სხელმწიფოს“ მიერ „მისად მიჩნეული ტერიტორია, საქართველოს საზღვართან განთავსდა აქედან გამომდინარე ყველა რისკებითა და მუქარებით“.

კითხვაზე, თუ რა სახის გართულებებს უნდა ელოდოს ქვეყანა მომავალში, თევზაძე აღნიშნავს, რომ საქართველო შესაძლოა, კორიდორად იქნეს გამოყენებული.

„ამ ეტაპზე გართულებებს რუსეთი უფრო უნდა ელოდეს. თუმცა, დაძაბულობის პიკზე საქართველო, შესაძლოა და სავარაუდოდ უფრო კი, კორიდორად იქნეს გამოყენებული, რამაც ჩვენს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებათა გადმოტანის საშიშროება შეიძლება შექმნას“, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

კითხვაზე, თუ რა სახის პრევენციული მოქმედებები უნდა განახორციელოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ადეკვატურად უპასუხოს ამ გამოწვევას, თევზაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მარტო ძალიან გაუჭირდება ადექვატური ზომების გატარება. რაც შეეხება განსახორციელებელ ღონისძიებებს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ამაზე გენერალურმა შტაბმა უნდა გასცეს პასუხი.

ამასთან, თევზაძე იმედოვნებს, რომ  როდესაც საფრთხე უფრო კონკრეტულ სახეს მიიღებს, საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურები მასთან გასამკლავებლად მეტ-ნაკლებად მზად იქნებიან.

„დღეს ამაზე ლაპარაკი შეუძლებელია და არც არის საჭირო“, - აღნიშნა დავით თევზაძემ.

ცნობისთვის, კავკასიელმა ისლამისტებმა „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულება შეჰფიცეს და მისი ფილიალი დააარსეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, რუსეთის ოთხი რეგიონის ისლამისტმა მებრძოლებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს ერთგულება აღუთქვეს.

სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს, რომ შესაბამისი ვიდეოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში განთავსდა. „ფრანს პრესი“ წერს, რომ YouTube-ზე გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, მებრძოლებმა დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან და ყაბარდო-ბალყარეთის რეგიონებიდან ერთგულება შეჰფიცეს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერს, ხალიფა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადს.  კავკასიელი მებრძოლების ამ გადაწყვეტილებას გამოხმაურება უკვე მოყვა „ისლამურ სახელმწიფოში“ და მისი ლიდერები კავკასიელ მებრძოლებს მიესალმებიან.

ასევე, ვრცელდება მოსაზრება, რომ ტერორისტული დაჯგუფების გავლენა იზრდება რეგიონის ახალგაზრდა ისლამისტ თაობაზე  და მათ შესაძლოა, რუსეთზე თავდასხმები განახორციელონ.

რადიკალთა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიისა და ერაყის მნიშვნელოვანი ნაწილი 2014 წელს დაიკავა.