ადგილობრივები წყალდიდობას სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დროს დაშვებულ დარღვევებს უკავშირებენ

ადგილობრივები წყალდიდობას სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დროს დაშვებულ დარღვევებს უკავშირებენ

სოჭში ძლიერი წყალდიდობის შემდეგ სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა. რუსული მედიის ცნობით, ქალაქის აეროპორტმა და სარკინიგზო სამსახურმა მუშაობა განაახლა.

სოჭში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები, ავტომობილები და 400-ზე მეტი საცხოვრებლი სახლი. დაიღუპა ერთი ადამიანი. ადგილობრივებმა წყალდიდობის შედეგები 2014 წელს სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დროს დარღვევებს დაუკავშირეს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სოჭში მოსულმა ნალექის რაოდენობამ გუშინ 100 მილიმეტრი შეადგინა. მაშინ როდესაც თვიური ნორმა 130 მილიმეტრია. ამ დროისთვის რეგიონში მდინარეებში წყლის დონე საგანგაშო აღარ არის. თუმცა, მეტეოროლოგები შავ ზღვაში ტორნადოს პროგნოზირებენ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ რუსეთის აღმოსავლეთი და სამხრეთი რეგიონის არაერთი ქალაქი, მათ შორის ვორონეჟი, ლიპეცკი და კურსკი დააზარალა.