"ქორთიარდ მარიოტში" საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. კანონპროექტის განხილვას ესწრებიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკა ქარდავა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

როგორც ჟურნალისტებს საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკა ქარდავამ განუცხადა, საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის შინაარსის გათვალისწინებით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავდა საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის პროექტი.

"მისი შინაარსის პრეზენტაცია ორი კვირის წინ მოეწყო პირველად არასამთავრობო სექტორისთვის, დონორი ორგანიზაციებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებისთვის. ამის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა ფოკუსჯგუფთან განვიხილეთ კანონპროექტის შინაარსი. შევხვდით სასამართლო ხელისუფლებას, პარლამენტის წარმომადგენლებს, ასევე ადამიანური რესურსების მართვის სამსახურებს. ვიმყოფებოდით ბათუმში და შევხვდით აჭარის ხელმძღვანელებს. ასევე შეხვედრა გაიმართა თვითმმართველობებთან. მივიღეთ გარკვეული შენიშვნა-რეკომენდაციები. დღეს დაგეგმილია მეორე შეხვედრა უკვე არასამთავრობო სექტორთან, სადაც მოხდება მათი შენიშვნებისა და რეკომენდაციების განხილვა, რომელიც სამუშაო ჯგუფის მიერ იქნება გათვალისწინებული კანონპროექტზე მუშაობის პერიოდში", – განაცხადა ეკა ქარდავამ.

მისივე თქმით, შენიშვნები არის როგორც ტექნიკური ხასიათის, ასევე არის გარკვეული რეკომენდაციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორიც არის საჯარო სამსახურის ბიუროსა და საბჭოს უფლებამოსილება. ასევე კონკურს-პროცედურები და სხვა საკითხები.