საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს

საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს

საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს , - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ განაცხადა.

გიორგი პერტაიამ და აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა საქართველოში ზურაბ ლალაზაშვილმა BDO-ს მიერ მსოფლიო ქვეყნების სიანვესტიციო გარემოს შემსწავლელი კვლევის – "International Business Compass 2015"-ის შედეგების პრეზენტაცია გამართეს.

როგორც ზურაბ ლალაზაშვილმა განაცხადა, "საერთაშორისო ბიზნეს კომპასი" იკვლევს ქვეყნების სანდომიანობას სხვადასხვა მექანიზმით და მოიცავს სამ მიმართულებას - ეკონომიკურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და სოციო-კულტურულს.

"კონკრეტული ქვეყნით დაინტერესება დაკავშირებულია მისი განვითარების დონესთან. კვლევისას ვხელმძღვანელობთ ეკონომიკური, პოლიტიკურ-სამართლებრივი და სოციალური ფაქტორებით. ერთის მხრივ, ამა თუ იმ ქვეყნისადმი ინტერესი განისაზღვრება პოტენციური ინვესტიციის განხორციელების თვალსაზრისით, რაც ნათლად მეტყველებს ეკონომიკურ პოტენციალზე. მეორე მხრივ, მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებზე დაყრდნობით შეუძლებელია ფართო ჭრილში შევისწავლოთ ქვეყანაში არსებული სიტუაცია. ეს კი გამოწვეულია პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური და კულტურული ასპექტების დიდი გავლენით ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებაზე", - განაცხადა ლალაზაშვილმა.

კვლევის მიხედვით, საქართველოს საინვესტიციო ინდექსი 2014 წელთან შედარებით 5 პუნქტით გაუმჯობესდა და საქართველომ რეიტინგში 43-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ლალაზაშვილის განცხადებით, რეიტინგში წინსვლა არის 2013 წელთან შედარებითაც. ამ წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო 54-ე ადგილზე იყო.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მისი თქმით, სომხეთი 66-ე ადგილზეა და წინა წელთან შედარებით 7 პოზიციით დაიხია უკან, მაშინ როდესაც რეგიონის სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდათ, აზერბაიჯანი 13 პოზიციით დაწინაურდა და 65-ე ადგილზეა, უკრაინა 20 პუნქტით დაწინაურდა და 89-ე ადგილს იკავებს, ხოლო რუსეთმა 4 პოზიციით წაიწია წინ და მე-100 ადგილზეა წარმოდგენილი, 2014 წელთან შედარებით, 10 პოზიციით დაიწინაურდა თურქეთი და ამჟამად 57-ე ადგილზე იმყოფება.

როგორც ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ აღნიშნა, აღნიშნული კვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იქედან გამომდინარე, რომ აჩვენებს რეალურ ზრდას, საქართველოს ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას.

"მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ, პირველ რიგში, ეს არ არის არც მთავრობის, არც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული კვლევა, არამედ ეს არის ბიზნესის მიერ ჩატარებული საერთაშორისო კვლევა. ეს არის ისეთი ბიზნესის მიერ გაკეთებული კვლევა, რომელსაც ყოველდღიურად აქვს შეხება ძალიან ბევრ ბიზნესმენთან, პროექტებთან და ყველაზე მეტი პრობლემა ასეთი სახის ორგანიზაციებში მიდის. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ კვლევა მოიცავს ძალიან ბევრ პარამეტრს, ბევრს საკითხს, რომელიც პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულია საინვესტიციო გარემოსთან", - განაცხადა პერტაიამ და დასძინა, რომ ეს კვლევა აჩვენებს იმას, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით და რეგიონში არის პირველი.