კვლევის თანახმად, კოჯრის ფერდობებზე მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე კვლავ არსებობს

კვლევის თანახმად, კოჯრის ფერდობებზე მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე კვლავ არსებობს

კოჯრის ფერდობებზე მეწყერის ხელახალი ჩამოწოლის საფრთხე კვლავ არსებობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა სუხიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ინსტიტუტმა ჩაატარა წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყრის კვლევა, რომლის წინასწარი შედეგებიც ცნობილია. სუხიშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ხელახალი მეწყერი ჩამოწვა, ეს ისეთივე საფრთხის მატარებელი არ იქნება, როგორც სტიქიის ღამეს, თუმცა სხვადასხვა პრობლემებს შექმნის.

"ამ ფერდობზე რამდენიმე უბანია კუნძულებად შემორჩინილი, რომელიც საფრთხის მატარებელია, ანუ სრულად არ ჩამოსულა მოწყვეტილი სხეული და დაკიდულ მდგომარეობაშია. ნებისმიერმა ბიძგმა შეიძლება განაპირობოს ამ მასის დაძვრა. მასის მოცულობასთან დაკავშირებით გარდამავალი მოცემულობაა, რადგან ზოგიერთი კუნძული საკმაოდ მასშტაბურია, ზოგიერთი კი მცირე. რა თქმა უნდა, იმხელა მასშტაბების არ არის, რამდენიც სტიქიის ღამეს ჩამოწვა, თუმცა მაინც გავლენიანი წონა აქვს. რამდენიმე უბანი მცირე ზომისაა და შესაძლებელია უფრო ადვილად ჩამოწვეს, რადგან უფრო მყიფე მდგომარეობაში იმყოფებიან. მიწისქვეშა წყლები ისევ აქტიურია. ეს წყლები რეცხავს ამ მეწყრულ სხეულს და საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას, რომ დააჩქარებს მეწყრის ჩამოსვლის პროცესს. მეწყერს ჯერ წონასწორობა გამომუშავებული არ აქვს და ისევ მიმდინარეობს ამის გამომუშავების პროცესი, რომელიც რამდენი ხანი გაგრძელდება, უცნობია", - განაცხადა სუხიშვილმა.

მისივე თქმით, არის საფრთხე, რომ ეს კუნძულები ახლო მომავალში ჩამოწვეს, განსაკუთრებით კი წვიმის ან მიწისძვრის შემთხვევაში.

"ფერდობები არის არასტაბილურ მდგომარეობაში და სხვადასხვა უბანი სხვადასხვა ბიძგის შემთხვევაში შეიძლება წამოვიდეს. თუმცა, ეს არ იქნება ისეთი მასშტაბის, რაც იყო. ამ მასების ჩამოსვლას გაცილებით ნაკლები გავლენის მოხდენა შეუძლია. თუმცა, დააზიანებს გზებს, განსაკუთრებით ახალდაბის გზას, რომელიც უკვე აღდგენილია და შეუძლია ხელმეორედ დააზიანოს. ეს ეხება საკომუნიკაციო გაყვანილობებსაც. შესაძლებელია დააზიანოს აღდგენილი გაზგაყვანილობა და ელექტროგადამცემი ხაზები. თუმცა, ჩამოწოლილი მასა სავარაუდოდ ვერ ჩააღწევს მდინარე ვერემდე, ვერ ჩაკეტავს და ისეთივე კატასტროფულ შედეგებს ვერ გამოიწვევს", - აღნიშნა სუხიშვილმა.

მისივე თქმით, პრევენციული ზომები სხვადასხვა მიმართულებით აშკარად ჩასატარებელია. "კონკრეტულად რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს, კვლევის დასრულების შემდეგ გვეცოდინება. ზოგიერთი უბანი რომ ნამდვილად ჩამოსაშლელია, ცხადია, თუმცა რომელი, ჯერ არ ვიცით. მეორე პრევენციული ზომა შესაძლებელია იყოს საინჟინრო გადაწყვეტილებაში, თუ რა ფორმით უნდა აღდგეს დაზიანებული გზა – ეს იქნება გვირაბი თუ სხვა ტიპის ნაგებობა, რომ დაიცვას გამავალი ტრანსპორტი მეწყერის ჩამოწოლის შემთხვევაში. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენცია არის მთლიანად ხეობის მულტიდისციპლინური კვლევა, საიდანაც გამოიკვეთება არა მარტო ჩამოწოლილი მეწყრის უბანი, არამედ ზოგადად, მთელი ხეობის სურათი და გამოიკვეთება სად არის საფრთხე", - განაცხადა სუხიშვილმა.

რაც შეეხება სტიქიის ღამეს ჩამოწოლილ მეწყერს, სუხიშვილის თქმით, ამ მეწყრის ფართობი შეადგენს 32 ჰექტარს.

"32 ჰექტრის ნაწილი არის მოწყვეტის ზონა, საიდანაც მეწყერმა მიიღო სხეული, ნაწილი კი არის ზონა, რომელმაც გაატარა და ნაწილი არის, სადაც მოხდა დალექვა", - აღნიშნავენ ინსტიტუტში.