იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შეფასებით, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების რიგი დებულებები ეროვნული ბანკის კონსტიტუციით განსაზღვრულ ფუნქციებს "აშკარად არ შეესაბამება".
აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის დასკვნა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ვახტანგ ხმალაძემ წარადგინა.
როგორც ხმალაძემ განმარტა, ფუნქციები, რაც კონსტიტუციით ეროვნული ბანკის ფუნქციებად არის განსაზღვრული, ინიცირებული პროექტის მიხედვით, გადასულია საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებში.
"იმის მიუხედავად, რომ ზედამხედეველობის სამსახური იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, მაინც ვფიქრობთ, რომ ეს არ არის სწორი. ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ეროვნულ ბანკში არსებობს და რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის წარმართვა ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, უნდა იყოს ეროვნული ბანკის ხელში და არ უნდა გადავიდეს სადმე სხვაგან. რაც შეეხება კონსტიტუციის იმ ნაწილს, სადაც კონსტიტუცია ამბობს, რომ ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას, ხელის შეწყობა კანონით განსაზღვრული სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით ხდება. ეს ინსტრუმენტები შეიძლება იყოს უშუალოდ ეროვნული ბანკის ხელში, შეიძლება რაღაც ნაწილი იყოს ეროვნული ბანკის სსიპ-ის ხელში, რაღაც ნაწილში ერთობლივად მიიღონ მონაწილეობა. იქ სადაც მონეტარული პოლიტიკის გატარება წერია, ეს ცალსახად მხოლოდ ეროვნულ ბანკთან უნდა იყოს. კანონპროექტით ძალიან მკაფიოდ და ცალსახად უნდა განისაზღვროს, რომელი ინსტუმენტებია უშუალოდ ეროვნული ბანკის ხელში, რომელი ინსტრუმენტები შეიძლება იყოს ზედამხედველობის სამსახურის ხელში", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, სააგენტოს საბჭოს ფორმირების მოდელი არ არის ოპტიმალური, შერჩევის კრიტერიუმები უნდა იყოს მკაფიო და იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ საბჭოში მხოლოდ სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირები იყვნენ.
"პარლამენტისთვის კანდიდატების წარდგენის სხვა მექანიზმი უნდა იყოს შემუშავებული და არა ის, რომ პარლამენტმა თავად წარადგინოს", - აღნიშნა ხმალაძემ.