აგვისტოში საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

აგვისტოში საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

აგვისტოში, საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა ალექსანდერ ვერშბოუსთან ნაყოფიერი და წარმატებული შეხვედრა გამართა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აგვისტოში, საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა. ალექსანდერ ვერშბოუმ აღნიშნა, რომ იენს სტოლტენბერგის ვიზიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის შტაბ-ბინის გახსნის ცერემონიალი იგეგმება.

უწყების ინფორმაციით, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მომავალ წელს ვარშავაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი განიხილეს.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი და ბუქარესტის სამიტზე გამოთქმული ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ნათელი დადასტურება იქნება.

"7 წლის განმავლობაში საქართველომ რეფორმები წარმატებით განახორციელა. გარდა ამისა, საქართველო, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში, ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორია და დიდი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს, თინათინ ხიდაშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ნატო-ს წინაშე აღებული ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და ამ თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელება საქართველოსთვის ნატო-ს მომავალ სამიტზე MAP-ის მინიჭება იქნება.