ემა ტუხიაშვილი, "კვირისპალიტრა.გე"
მთავრობის გადაწყვეტილებით თონეზე ფიქსირებული გადასახადი თვის განმავლობაში საშუალოდ 100 ლარით განისაზღვრა. სპეციალური კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და მხარიც დაუჭირა. თონეებისთვის ფიქსირებული გადასახადის 50%-ით გაზრდის ან შემცირების უფლება თვითმმართველ ორგანოს ტერიტორიების მიხედვით ექნება. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ფიქსირებული გადასახადი იქნება ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.
უახლოეს მომავალში მსგავსი რეგულაციის შემოღება სილამაზის სალონებისთვისაც იგეგმება. დადგენილების პროექტი პარლამენტში მიმდინარე კვირას უნდა შევიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობამ ფიქსირებული გადასახადების განაკვეთები სილამაზის სალონებზეც დაადგინა და სავარძელზე 50-დან 150 ლარამდე განსაზღვრა. მეწარმეების რამდენიმეწლიანი მოთხოვნის შემდეგ მთავრობამ ფიქსირებული გადასახადების განაკვეთები, როგორც იქნა, დაადგინა, მაგრამ მცირე ბიზნესის გული მაინც ვერ მოიგო.
ცნობისთვის: დაგეგმილია მცირე ბიზნესისთვის ფიქსირებული გადასახადის ორი მოდელის ამოქმედება. პირველი მათგანით ისარგებლებენ ის მცირე მეწარმეები, რომლებიც არა იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებს უწევენ მომსახურებას (მცირე საპარიკმახერო, ავტომობილების მცირე სახელოსნო, მცირე საცხობი). მათ არ სჭირდებათ იურიდიული პირებისთვის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ანგარიშფაქტურის გამოწერა, ეხსნებათ სალარო-აპარატის გამოყენების აუცილებლობა, საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება და აღარ დაიქირავებენ ბუღალტერს. მეორე მოდელი მორგებულია იმ მეწარმეებზე, რომლებიც ვაჭრობენ და მათი მომხმარებლები ასევე ფიზიკური პირები არიან. არც მათ აქვთ შეხება იურიდიულ პირებთან და საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერასაც არ საჭიროებენ. ასეთი კატეგორიის მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადი ამოქმედდება ბრუნვის 3%-ის მოცულობით. ვინც ამ მოდელს აირჩევს, ექნება სალარო-აპარატის გამოყენების ვალდებულება, რადგან 3%-იანი გადასახადი სწორედ სალარო-აპარატით აღნუსხული შემოსავლიდან დაანგარიშდება.
ქალაქის ცენტრალურ უბნებში რამდენიმე სილამაზის სალონის მეპატრონე გამოვკითხეთ. აღმოჩნდა, რომ მათთან შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს უკვე შეუვლიათ და ფიქსირებული გადასახადის განაკვეთიც - სავარძელზე 200 ლარის ოდენობით შეუთავაზებიათ. ფიქსირებული გადასახადის ამ მოცულობით განსაზღვრა სილამაზის სალონების მეპატრონეებისთვის მიუღებელია, რადგან ბევრად აჭარბებს იმას, რისი გადახდაც ამ დაბეგვრის პირობებში უწევთ. "სალონში ხუთი სავარძელი მაქვს. ფიქსირებულ გადასახადად თითოზე 200 ლარი რომ დამიდგინონ, თვეში - 1.000 ლარის, წელიწადში კი 12.000 ლარის გადახდა მომიწევს. ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 4.500 ლარს ვუხდი, მეტი არ გამომდის. ჩვენ ფიქსირებულ გადასახადს იმიტომ ვითხოვდით, რომ შეღავათი გვქონოდა, უარესად კი არ გავეტყავებინეთ სახელმწიფოს. ან ეს ახალი GPღშ სისტემის სალარო-აპარატი რატომ გვაყიდვინეს? დამატებით 300 ლარის ხარჯი გავიღეთ. ფიქსირებულ გადასახადზე თუ გადავალთ, ეს სალარო-აპარატი აღარაფერში გვჭირდება. ვერც გავყიდით, რადგან შემოსავლების სამსახური გვავალდებულებს, რომ 6 წელი შევინახოთ. ახალი სალარო-აპარატი შეფერხებებით მუშაობს, დღეში რამდენჯერმე ითიშება. როგორც გავიგეთ, ქუთაისში ყოფილა აწყობილი. არადა, რომ მოვიდნენ და შემთხვევით გამორთული დახვდეთ, სასწრაფოდ "საჩუქრად" ჯარიმას მოგვართმევენ, იმის გარკვევას არავინ დაიწყებს, რა მიზეზით იყო გამორთული.
200 ლარს თუ დამიწესებენ სავარძელზე და არჩევანის უფლება არ მექნება, იძულებული ვიქნები, ხუთიდან ორი სავარძელი დავტოვო. დავტოვებ მხოლოდ იმ დალაქებს, ვისაც შედარებით მეტი კლიენტი ჰყავთ და უფრო შემოსავლიანი არიან, დანარჩენებს კი უმუშევრად დარჩენა მოუწევთ. ფიქსირებული გადასახადი ამ ბიზნესის განვითარებას უნდა წასდგომოდა და არა მის განადგურებას. ამით წნეხში გვაქცევენ, რაც პატარ-პატარა სალონების გაუქმებას გამოიწვევს. ხომ ხედავთ, პატარა მარკეტები ერთმანეთის მიყოლებით იხურება. შემდეგ ხელისუფლებით ზურგგამაგრებული ბიზნესმენები გამოვლენ ასპარეზზე, დიდ კლუბებს გახსნიან და ამ მომსახურებას იქ შესთავაზებენ მოხმარებლებს. ფასებს ვერ გავაძვირებთ, რადგან ხალხს ის 5 ლარიც არა აქვს, რომ თმის შეჭრისთვის მინიმალური თანხა გადაიხადოს, ამიტომ საქმიანობის მასშტაბების შემცირება, ზოგს კი შეწყვეტა მოუწევს", - მითხრეს ერთ-ერთ სალონში.
როგორც სალონების მეპატრონეებთან გასაუბრებისას გავარკვიე, ცალკე ფიქსირებული გადასახადი დაწესდება კოსმეტოლოგისა და მანიკიურ-პედიკიურის სავარძლებისთვის. მცირე მეწარმეების გაანგარიშებით, ერთი სავარძლიდან მიღებული შემოსავალი საშუალოდ თვეში 500 ლარია, ამიტომ 200 ლარის დაწესება მოსაკრებლის სახით უსამართლოდ მიაჩნიათ.
ანზორ საკანდელიძე, "თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის" თავმჯდომარე: "ეს არ არის ის, რასაც მცირე მეწარმეები ითხოვდნენ ხელისუფლებისგან. მცირე მეწარმეები ითხოვდნენ, რომ რეალური შემოსავლებიდან გამომდინარე დაეწესებინათ მათთვის ფიქსირებული გადასახადი. ასეთი დაბეგვრის მექანიზმი ფართობის მიხედვით 2004 წელს მოქმედებდა, არ გაამართლა და თავად ამ ხელისუფლებამ გააუქმა. ახლა ისევ ამას უბრუნდებიან? ის, რაც მცირე მეწარმეებს სჭირდებათ, ბრუნვის გადასახადია, მაგრამ არა უმეტეს 1-2%-ის მოცულობით. ხელისუფლებამ კი ათვლა 3-5%-დან დაიწყო. 1-ელი იანვრიდან მართლაც შევიდა ძალაში 3 და 5%-იანი ფიქსირებული გადასახადის განაკვეთები, მაგრამ ამ პირველ განაკვეთზე ისეთი სირთულეებია განსაზღვრული, რომ არა მგონია, რომელიმე ბიზნესს შეეხოს. რაც შეეხება 5%-იან განაკვეთს, წარმოების სფეროსთვის მისაღებია, მაგრამ ვაჭრობის სფეროსთვის ძალიან დიდი, ამიტომ ის ვერ გადაიხდის ასეთ გადასახადს და შეეცდება, ისევ დამალოს რეალური ბრუნვა. ასეთი გადასახადი - ბრუნვის 5%, წლების წინ მოქმედ საგადასახადო კოდექსში იმ 22 გადასახადს შორისაც იყო, მაგრამ ამან ფისკალური ეფექტი არ მოიტანა. მსოფლიოში ყველაზე გამარტივებული და იდეალური საგადასახადო სისტემა კატარს აქვს, სადაც ერთადერთი ბრუნვის გადასახადია, მაგრამ იქ ბრუნვიდან დაახლოებით 10%-ია. იქ ისეა განვითარებული მეწარმეობა, რომ წლიური ბრუნვა 1 მილიონ ევრომდე მცირე მეწარმეობად მიიჩნევა.
ჩვენმა ასოციაციამ მცირე მეწარმეობის ყველა სექტორის გამოკითხვით მიაგნო ძალიან კარგ გამოსავალს და ბევრჯერ შესთავაზა კიდეც ხელისუფლებას, - კერძოდ, ბრუნვა უნდა მივუშვათ თავისუფლად და რაც უფრო გაიზრდება, გადასახადის განაკვეთიც ამის მიხედვით უნდა იზრდებოდეს და პირიქით. მიკრომეწარმეებისთვის ყველაზე ოპტიმალურია, დადგინდეს 1% ბრუნვიდან, მცირე მეწარმეებისთვის - ბრუნვის 2%, საშუალო მეწარმისთვის კი 3%".
912
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85