ერთი და იგივე კაცი რამდენიმე ბანკის გაკოტრების წინა ხაზზე რომ მოხვდება, არ შეიძლება ეჭვი არ შეგეპაროს

ერთი და იგივე კაცი რამდენიმე ბანკის გაკოტრების წინა ხაზზე რომ მოხვდება, არ შეიძლება ეჭვი არ შეგეპაროს

როცა ერთი და იგივე კაცი რამდენიმე ბანკის გაკოტრების წინა ხაზზე მოხვდება, არ შეიძლება ეჭვი არ შეგეპაროს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.

მან დეპუტატები კითხვის პასუხად სცადა განემარტა, რა ნაკლოვანებები გააჩნია ეროვნული ბანკის არსებულ სისტემას და რაში გამოიხატება მისი პოლიტიზირება.

"ჩვენი რეალობიდან გამომდინარე რა შედეგს იძლება ერთ ხელში მოქცევა კარგად გამოჩნდა, როცა ერთ დღეში მოხდა გარკვეული ბანკების გაკოტრება, წილების გადაფორმება, რომელთა თაობაზეც მასალები პროკურატურაშია წარდგენილი. არ ვსაუბრობ იმაზე, ვინმე არის თუ არა დამნაშავე. ამას პროკურატურა დაადგენს. თუნდაც "ქართუს" მიმართ გატარებული ღონისძიებები. ბავშვობაში ყველას გვქონია შემთხვევა, ჩხუბში რამდენჯერმე რომ მოვყვებოდით, სულაც რომ არ მეჩხუბა, სახლში მეტყოდნენ: რაღა სულ შენ უნდა გადაეყარო ამ ჩხუბსო. როცა ერთი და იგივე კაცი რამდენიმე ბანკის გაკოტრებაში არა თუ შემთხვევით გაივლის, არამედ წინა ხაზზე მოხვდება, არ შეიძლება ეჭვი არ შეგეპაროს, ან როცა ეროვნული ბანკის საბჭოში ერთდროულად სამი პროკურორი აღმოჩნდება, ეს არ იძლევა უნდობლობის საფუძველს? რაც არ უნდა სიგელი მოიტანო სხვადასხვა ორგანიზაციიდან", - განაცხადა მეჭიაურმა.

მან აღნიშნა ისიც, რომ გაცვლით კურსთან დაკავშირებულ მოვლენებზე ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი სულ სხვაგვარად რეაგირებდა 2012 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. კერძოდ, მეჭიაურის თქმით, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე კურსის თითოეული პუნქტით ცვლილებაზე ეროვნული ბანკი რეაგირებდა ძალიან კვალიფიციურად, რასაც ვერ იტყვის შემდგომ პერიოდზე.

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეროვნული ბანკიდან საფინანსო სექტორის საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის ინიციატივა განიხილება.