პანკისელი უხუცესი კავკასიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალის დაარსებაში საფრთხეს ვერ ხედავს

პანკისელი უხუცესი კავკასიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალის დაარსებაში საფრთხეს ვერ ხედავს

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი მიიჩნევს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ჩრდილო კავკასაში გააქტიურება პანკისის ხეობაში გართულებებს არ გამოიწვევს.

როგორც ხანგოშვილმა „პირWელს“ განუცხადა, პანკისში სრული სიწყნარეა და ამ ფაქტს საერთოდ არც განიხილავენ.

„არ მგონია პანკისის ხეობას რაიმე კავშირი ჰქონდეს იმდენად, რამდენადაც უკვე ის კონტაქტები აღარ არსებობს, რაც ადრე იყო. მიმოსვლა არ არის. მარტო ინტერნეტში თუ შეუძლიათ ერთმანეთთან დაკავშირება. მეორეც, ჩრდილო კავკასიაში მათ ისე ძლიერად არ აქვთ ფეხი მოკიდებული, რომ რაიმე გავლენა იქონიონ. ყოველ შემთხვევში ჩვენს ქვეყანაზე არანაირი გავლენა არ ექნება, ღრმად ვარ დარწმუნებული. აქედან ჩრდიოეთში ვერ გავლენ, ძალიან რთულია აქედან გასვლა, საზღვარი ძალიან ძლიერად არის დაკეტილი და იქიდან შემოსვლა, ეს უკვე ჩვენი ხელისუფლების ამბავია. მე მგონი, ფხიზლად არიან და არც შემოუშვებენ“, - განუცხადა „პირWელს“ ხასო ხანგოშვილმა.

კავკასიელმა ისლამისტებმა „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულება შეჰფიცეს და მისი ფილიალი დაარსეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, რუსეთის ოთხი რეგიონის ისლამისტმა მებრძოლებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს ერთგულება აღუთქვეს.

სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს, რომ შესაბამისი ვიდეჩანაწერი ინტერნეტსივრცეში განთავსდა. „ფრანს პრესი“ წერს, რომ YouTube-ზე გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, მებრძოლებმა დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან და ყაბარდო-ბალყარეთის რეგიონებიდან ერთგულება შეჰფიცეს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერს, ხალიფა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადს.  კავკასიელი მებრძოლების ამ გადაწყვეტილებას გამოხმაურება უკვე მოყვა „ისლამურ სახელმწიფოში“ და მისი ლიდერები კავკასიელ მებრძოლებს მიესალმებიან.

ასევე, ვრცელდება მოსაზრება, რომ ტერორისტული დაჯგუფების გავლენა იზრდება რეგიონის ახალგაზრდა ისლამისტ თაობაზე  და მათ შესაძლოა, რუსეთზე თავდასხმები განახორციელონ.

რადიკალთა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიისა და ერაყის მნიშვნელოვანი ნაწილი 2014 წელს დაიკავა.