ნინო გვენეტაძე მთავრობის ახალ მრჩეველს მაიკლ ობოილს შეხვდა

ნინო გვენეტაძე მთავრობის ახალ მრჩეველს მაიკლ ობოილს შეხვდა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში საქართველოს მთავრობის ახალ სპეციალურ მრჩეველს მაიკლ ობოილს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, შეხვედრაზე გვენეტაძემ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში სპეციალური მრჩევლის საქმიანობის მნიშვნელობას და დადებითად შეაფასა მაიკლ ობოილის წინამორბედი მრჩევლის თომას ჰამერბერგის მოღვაწეობა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესების კუთხით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სპეციალურ მრჩეველს სასამართლო სისტემაში მიმდინარე და დეგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ნინო გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა სასამართლოს გადაწყვეტილებებში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის გამოყენების მნიშვნელობაზე და სასამართლოს მიერ ამ მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს, მათ შორის იმ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საჩივრის დასაშვებობის სტანდარტის ამაღლებას ითვალისწინებს.

"საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სტანდარტი უნდა ამაღლდეს და როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე, კასატორი მხარეების მიერ წარმოდგენილი საჩივრები, უნდა ეყრდნობოდეს ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და ნორმებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დამკვიდრებულ მიდგომას", - განაცხადა გვენეტაძემ.

ნინო გვენეტაძემ ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომელსაც სასამართლო ხელისუფლება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით სამართალწარმოების ხარისხის გაუჯობესების მიზნით ახორციელებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განსკუთრებით აღნიშნა ის პროექტები, რომელიც ევროპის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების კვალიფიციურ თარგმანს, ამ გადაწყვეტილებების მიხედვით ქართველი მოსამართლეებისთვის თემატური საძიებო პროგრამის მომზადებასა და მოსამართლეთა ტრენინგებს ითვალისწინებს. ნინო გვენეტაძემ სპეციალურ მრჩეველს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სასამართლო სისტემაში საქმის წარმოებისა და საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის დანერგვის თაობაზე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების მნიშვნელობაზე და მიაწოდა ინფორმაცია, სასამართლოს იმ ინიციატივის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს კოდექსის ამოქმედებამდე ყველა საკასაციო საჩივარი, რომელიც არასრულწლოვანთა საქმეებს შეეხება დასაშვებად იქნეს ცნობილი საკასაციო ინსტანციაში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე მიმოიხილა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სხვა აქტივობებიც, მათ შორის საკითხები, რომლებიც დისციპლინური სამართალწარმოების დახვეწას და საზოგადოების მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების ამაღლებას შეეხება.

მაიკლ ობოილმა ნინო გვენეტაძეს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მეტად წარმატებული და ნაყოფიერი გახდება. შეხვედრას ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ალესანდრო სავარისი ესწრებოდა.