ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის უმოკლეს ვადებში დასრულება არის უმთავრესი პრიორიტეტი.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა, სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთის მონაკვეთის დაფინანსების საკითხზე დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი კონფერენცია.
"აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულება უმოკლეს ვადებში არის უმთავრესი პრიორიტეტი. ეს ყველაზე რთული რიკოთის მონაკვეთი დაახლოებით 750 მილიონიდან ერთ მილიარდ დოლარამდე ჯდება სხვადასხვა პროექტების მიხედვით. ჩვენი მიდგომაა, რომ მაქსიმალურად იქნას კერძო სექტორი ჩართული რათა ქვეყნის სუვერენულ ბალანსზე აისახოს რაც შეიძლება ნაკლები ვალი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი დღის შემდეგ ძალიან ბევრი რამ გახდება უფრო ცხადი და საბოლოო მიდგომის შემუშავება ამ კონფერენციის შემდეგ მოხდება.