"მოხალისეობის შესახებ" პროექტი, რომელზეც პარლამენტი ახლა მსჯელობს, გასული წლის მარტშია ინიცირებული

"მოხალისეობის შესახებ" პროექტი, რომელიც საპარლამენტო კომიტეტების ფარგლებში განხილვის თემას წარმოადგენს, საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ გასული წლის მარტშია ინიცირებული.

პროექტის ავტორია "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი", ინიციატორი – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

პროექტით მოხალისეობის ცნება, მოხალისეთა საქმიანობისა და ურთიერთობის განხორციელების პრინციპები და მოხალისეობითი საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტთა და მასპინძელ ორგანიზაციათა წრე განისაზღვრება. პროექტი ასევე მოხალისის და მასპინძელი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობებს, ურთიერთობისა და პასუხისმგებლობის საკითხებს განსაზღვრავს.

პროექტის მიხედვით, მოხალისეობა არის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ცოდნითა და უნარებით ნებაყოფლობით და უანგაროდ შესრულებული საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა. თავის მხრივ, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობად ითვლება დახმარების გაწევა იმ იურიდიული პირებისათვის, რომლებიც მოღვაწეობენ: ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის განვითარებაში, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სიღარიბის დაძლევის და სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ახალგაზრდობის და ბავშვთა საკითხების, გენდერული საკითხების, კონფლიქტების მოგვარების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების, მიგრაციის, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის, ფიზიკური აღზრდის, სამოყვარულო სპორტისა და ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროში. ამასთან, პროექტში აღნიშნულია, რომ ის არ ზღუდავს სხვა პირებს დამოუკიდებლად, ორგანიზაციული მოწესრიგების გარეშე განახორციელონ საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა.

პროექტის მიხედვით, მოხალისეების ასაკი 16 წლით არის განსაზღვრული, ხოლო 16 წლამდე ასაკის პირის მონაწილეობა მოხალისეობით ურთიერთობაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის, მეურვის თანხმობის გარეშე, აკრძალულია. მოხალისედ ყოფნის დროს პირს უმუშევრის სტატუსი უნარჩუნდება და უფლება აქვს იმ დახმარებებით და შეღავათებით ისარგებლოს, რაც უმუშევართათვის კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

"საქართველოს კანონმდებლობა მოხალისეობის ცნებას არ იცნობს. შესაბამისად, მოხალისის უფლება-მოვალეობათა კატალოგი არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ გვხვდება. საქართველოში მოხალისეობის განუვითარებლობის ერთ-ერთი მიზეზი მათი დეკლარირებული უფლებების და მათი სამართლებრივი მექანიზმების არქონაშიც შეიძლება ვეძიოთ", – აღნიშნულია განმარტებით ბარათში, რომელიც ინიცირებულ პროექტს თან ერთვის.

კანონპროექტს მასპინძელი ორგანიზაციის ცნება შემოაქვს, რომელიც ისეთ ორგანიზაციას გულისხმობს, რომელსაც მოხალისეთა შრომის გამოყენება შეუძლია. პროექტის მიხედვით, მასპინძელი ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება.

პროექტის გათვალისწინებით, მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, მოხალისეს მოხალისეობისას გაწეული ხარჯები აუნაზღაუროს, მათ შორის: - საკონსულო მომსახურების, მგზავრობის, ბინის დაქირავების, კვების, კომუნიკაციისა და სადღეღამისო ხარჯები.