"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებს საქართველოს მიმართ რაიმე გამოკვეთილი ინტერესი არ გააჩნიათ

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებს საქართველოს მიმართ რაიმე გამოკვეთილი ინტერესი არ გააჩნიათ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კავკასიოლოგმა გელა ხმალაძემ "ისლამურმა სახელმწიფოს" მიერ კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ხმალაძე განმარტავს, საუბარია ჩრდილოეთ კავკასიაზე, კერძოდ, "კავკასიის ემირატის" ტერიტორიაზე. საქართველოს კი, გელა ხმალაძის აზრით, პირდაპირი პრევენციული ღონისძიებების გატარება არ შეუძლია, თუმცა ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს იმ ღონისძიებების გატარება, რასაც აქამდე აკეთებდა _ შეზღუდოს "ისლამური სახელმწიფოს" შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის მასშტაბი; არ დაუშვას საბრძოლო მოქმედებების და ტერორისტული აქტების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელება.

"ისლამური სახელმწიფოს" განცხადება კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ სამხრეთ კავკასიის მიმართ არ ყოფილა. ეს პროვინცია მოიცავს მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონს, რომელიც რუსეთის შემადგენლობაშია და რომელსაც, თავის დროზე, "კავკასიის ემირატი" მოიცავდა. "კავკასიის ემირატის" სტრუქტურა ჩრდილოკავკასიაში მოიშალა და თითქმის ყველა საველე მეთაური გადასულია "ისლამურ სახელმწიფოში". ასე რომ, ადრე თუ გვიან დადგებოდა ეს დრო, რაც პროცესის ლოგიკური დასასრული იყო. უშუალოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, კონკრეტულად პანკისის ხეობაზე და ა.შ. "ისლამური სახელმწიფოდან" რაიმე მესიჯი არ წამოსულა. იყო ცალკეული ექსტრემისტული ხასიათის განცხადებები აჭარასა და პანკისის ხეობაზე "ისლამური სახელმწიფოს" ინტერესების თაობაზე, მაგრამ ეს ცალკეული ექსტრემისტი ადამიანების განცხადებები იყო და რომელიმე მეტნაკლებად გავლენიანი პირისგან არ მოდიოდა", - განაცხადა გელა ხმალაძემ.

ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ განაცხადა. ახალი ვილაიეთის დაარსება ჩრდილო კავკასიის,  რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა.