რაც მუნიციპალიტეტებში კადრების აყვანის მიმართულებით ხდება, თავად ხელისუფლებას დააზიანებს

რაც მუნიციპალიტეტებში კადრების აყვანის მიმართულებით ხდება, თავად ხელისუფლებას დააზიანებს

თვითმმართველობების მოხელეთა ტესტირების ვადის გადაწევა იმის ლეგალიზებას ემსახურება, რაც მუნიციპალიტეტებში ხდება, - ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა.

მაჭავარიანის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში კადრების პოლიტიკური და ნათესაური ნიშნით აყვანა ხორციელდება.

"თბილისში გამგებლის 32 მოადგილიდან 28 ჩაიჭრა. ორს დოპლომი არ აღმოაჩნდა. აქედან 22 მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 40 განყოფილების უფროსიდან 21 ჩაიჭრა. რად გინდათ ასეთი ადამიანები?! – ამის მერე იწყება პრობლემები, როგორიცაა უნიათობა, საქმის ვერ გაკეთება, დანგრეული გზები და ასე შემდეგ", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე და მმართველ გუნდს მიმართა, რომ ის რაც ტესტირებების მიმართულებით ხდება თავად ხელისუფლებას დააზიანებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სავალდებულო ტესტირებისთვის კანონით დადგენილი ვადა ერთი წლით ხანგრძლივდება.

პარლამენტმა გასული წლის ივლისში "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსით დანიშვნის სავალდებულო ეტაპად მათი ტესტირება განისაზღვრა. სავალდებულო ტესტირებები 2015 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა ჩატარებულიყო, რაც კანონში დაგეგმილი ახალი ცვლილებებით 2016 წლის 1-ელ ივლისამდე გრძელდება.