რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც დასავლეთის ქვეყნებიდან პროდუქციის იმპორტზე აკრძალვა ერთი წლით გახანგრძლივდება. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ერთგვარ საპასუხო ქმედებას წარმოადგენს და იგი შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივეს.
გასულ წელს მოსკოვმა ევროკავშირიდან, აშშ-დან, კანადიდან და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან რძის პროდუქტების, ხორცის, თევზის, ხილის და ბოსტნეულის იმპორტი აკრძალა. იმპორტის აკრძალვა იმ ქვეყნების წინააღმდეგ დაწესდა, რომლებმაც მოსკოვს ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესეს.