პროკურატურის რეფორმის შემდეგ იქნება იგივე პროკურორი თუ იქნება ახალი, ამაზე პასუხი არ მაქვს და თავს შევიკავებ, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა "ინტერპრესნიუსის" დასმულ შეკითხვას, რამდენად ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი რეფორმის ფარგლებში პერსონალურად ახალი პროკურორის არჩევას.
"როდესაც კანონი შევა ძალაში საჭირო იქნება ახალი პროცედურების ამოქმედება და ჩვენ მოგვიწევს თავიდან შევარჩიოთ და ავარჩევინოთ ახალი პროცედურებით მთავარი პროკურორი. იქნება იგივე პროკურორი თუ სხვა, ამაზე პასუხი არ მაქვს და თავს შევიკავებ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების შესაძლო გათავისუფლების შესახებ დასმულ შეკითხვას, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მას ამ საკითხზე არ უფიქრია და ის პროკურატურის რეფორმას დაელოდება.
"მთავარ პროკურორს ჩემი წარდგინების გარეშე ვერავინ მოხსნის და ამ წარდგინებაზე მე დღეს არ მიფიქრია, ველოდები რეფორმებს. როდესაც რეფორმა იქნება, რა თქმა უნდა, შემდეგ ახალი პროცედურით, ჩვენ წლის ბოლომდე თუკი პარლამენტში კვორუმი შედგება, ავირჩევთ ახალ მთავარ პროკურორს", - განაცხადა წულუკიანმა.