ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადეკვატური სიგნალი უნდა მისცეს რუსეთის ფედერაციას, რომ ასეთი ურთიერთობების გაგრძელება არ შეიძლება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა. მისი თქმით, სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
"უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ჩემ გამოსვლაში იყო ის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადეკვატური სიგნალი უნდა მისცეს რუსეთის ფედერაციას, რომ ასეთი ურთიერთობების გაგრძელება არ შეიძლება. მაშინ როდესაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობა საპარლამენტო ასამბლეაში არ მოდის და არ ესწრება, ისინი რატიფიცირებას უკეთებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. ხელშეკრულებებს, რაც არის მიუღებელი თანამედროვე და ცივილიზებული ევროპული სახელმწიფოსთვის. ასევე, მე ხაზი გავუსვი იმას, რომ დასავლეთმა ვერ შეძლო ადეკვატური გამკლავება 2008 წლის ომის შედეგებთან. ზუსტად ამიტომ მივიღეთ ჩვენ ყირიმის პრობლემა, უკრაინის პრობლემა და შესაბამისად, თუ ახლაც ვერ შევძლებთ ჩვენ ერთობლივად წინ აღვუდგეთ რუსეთის ფედერაციის აგრესიას მაშინ, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციამ კიდევ უფრო აგრესიული ნაბიჯები გადადგას", - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, დღევანდელ სესიაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის თავისუფალი არჩევანია იყვნენ ევროკავშირთან და არა რუსეთთან ასოცირებული ქვეყნები, იყვნენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე დაყრდნობილი სახელმწიფოები.