ორი დღის წინ ჯგუფი “Black Sabbath”-ის წევრებმა პრეს-კონფერენცია ჩაატარეს და მიმდინარე წლის ზაფხულში დაგეგმილი ევროპული ტურნეს გაუქმების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს.
კონცერტების ჩაშლის უმთავრესი მიზეზი ჯგუფის გიტარისტი ტონი აიომის ავადმყოფობა გახდა. გასული წლის დეკემბერში აიომის ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მუსიკოსი ამჟამად ლონდონში იმყოფება და მკურნალობის სპეციალურ კურსს გადის.
ოზი ოსბორნის ცნობით ჯგუფი ევროპის კონტინენტზე მხოლოდ ერთ კონცერტს ჩაატარებს. მუსიკოსები 10 ივნისს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ “Download Festival”-ში მიიღებენ მონაწილეობას.
“Black Sabbath”-ს ევროპაში 15 კონცერტი უნდა ჩაეტარებინა. საგასტროლო ტურნე 18 მაისს მოსკოვში უნდა დაწყებულიყო. ამის შემდეგ ჯგუფი სხვა ქვეყნებს უნდა სწვეოდა.
ცნობილი გახდა რომ ჯგუფის რამდენიმე წევრი ევროპაში ათ კონცერტს მაინც გამართავს. ოზი ოსბორნმა სასწრაფოდ ახალი ჯგუფი “Ozzy & Friends” ჩამოაყალიბა. მის შემადგენლობაში თავად ოზი, ბას-გიტარისტი გიზერ ბატლერი, “Black Label Society”-ის გიტარისტი ზაკ უაილდი და “Guns N'Roses”-ს ყოფილი გიტარისტი სლეში შევიდნენ.