“ღმერთმა არ ქნას, რომ სამედიცინო პერსონალს დაუგვიანდეს ხელფასები” - რამდენიმე დღის წინათ მკაცრად აფრთხილებდა პრეზიდენტი სააკაშვილი საავადმყოფოს ხელმძღვანელებს. ზუსტად იმ დროს კი თურმე ექიმებს პანტა-პუნტით ქუჩაში ყრიდნენ. ამის შემტყობი სააკაშვილი ალბათ იტყვის, რომ სამსახურიდან გაგდებულ მედპერსონალს ხელფასს ვეღარავინ დაუგვიანებს, რადგან ხელფასი საერთოდ აღარც ექნებათ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში აშენებული დმანისის მრავალპროფილური საავადმყოფოს დათვალიერებისას მხურვალედ განაცხადა, რომ ჯანდაცვა იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი, ხოლო ექიმებს ხელფასების მიღება დროულად შეეძლებათ და ავადმყოფის ჯიბის შემყურენი აღარ იქნებიან.
“ღმერთმა არ ქნას, რომ სამედიცინო პერსონალს დაუგვიანდეს ხელფასები. ღმერთმა არ ქნას, რომ ისევ იმას შეყურებდნენ ჯიბეში როგორ ჩაუდებს პაციენტი ფულს, როგორ მოუტანს ძღვენს... დღეს ყველგან კეთდება გზები, სკოლები, საავადმყოფოები იმისათვის, რომ ჩვენი ბავშვები მიდიოდნენ ისეთივე სკოლაში, როგორშიც მდიდარი მშობლების შვილები. რომ ვიძახდით ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაო, ჯერ ჯანდაცვა უნდა იყოს და მერე ხელმისაწვდომობა. დღეს ჩვენ ვქმნით ახალ საავადმყოფოებს და აუცილებლად იქნება ხელმისაწვდომი”, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, წლეულს შემოდის პენსიონერთა მასობრივი დაზღვევა, კიდევ უფრო ფართოვდება სოციალურად დაუცველთა დაზღვევა და საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ექნება სადაზღვევო პოლისი.
“ადრე უნდა წავსულიყავით თბილისში, გვეცადა გრძელ რიგებში, სამადლოდ გაგვეთენებინა ღამე. არაფერი ხალხისთვის იმ ქვეყანაში არ იყო”, - აღნიშნა სააკაშვილმა.
აი, ასე მოძღვრავდა პრეზიდენტი საავადმყოფოების მმართველებს, მაგრამ მის სიტყვას ყველა რომ არასერიოზულად აღიქვამს, მსწრაფლ გამოჩნდა. სააკაშვილს დედოფლისწყაროში თავისი გამოსვლა ხეირიანად დასრულებულიც არ ჰქონდა, რომ ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს 120-მდე მედპერსონალი ქუჩაში გაყარეს. საავადმყოფოს მფლობელმა, კომპანია “ბლოკ ჯორჯიას” ხელმძღვანელობამ, ისინი უმუშევრად დატოვა.
საავადმყოფოს დირექტორმა ქეთევან ზარქუამ ექიმებს პაციენტების მიღება მიმდინარე წლის 28 იანვრის შემდეგ აუკრძალა, “ბლოკ ჯორჯია” კი საავადმყოფოს ოფიციალურად მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან დახურავს.
ცხადია, რომ პრეზიდენტს ყურს არავინ უგდებს, მისი დაპირების ან არ სჯერათ, ან ორ დღეში ავიწყდებათ. ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე “კლინიკიზაციის” პროცესს თან სდევს უხეში დარღვევები, რასაც დარგის წარმომადგენლები “ეწირებიან”. რაც შეეხება ხელისაწვდომობას, არც ეს დაპირება სრულდება - ახალი კლინიკები მოსახლეობის ფართო მასებისთვის კიდევ უფრო მიუწვდომელია და ლამაზი შენობების უკან მაღალი ფასები და საავადმყოფოს მედპერსონალთა უხელფასო კადრები “იმალებიან”.
ჯერჯერობით უცნობია, რა ზომებს მიიღებს მთავრობა ზუგდიდში დაფიქსირებულ ფაქტზე და რამდენად მოახდენს რეაგირებას. ექიმებმა საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლა უკვე დაიწყეს. საავადმყოფოს დახურვა მათ სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციული შენობის წინ აქციით გააპროტესტეს და მთავრობას ზომების მიღებისკენ მოუწოდეს. ამასთან, 120-მდე ექიმი “ბლოკ ჯორჯიას” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც აპირებს.
ექიმები ამბობენ, რომ მათი ამხანაგობისთვის კუთვნილი 10% “ბლოკ ჯორჯიამ” მიითვისა და ახლა მათ გარეთ ყრიან. 120-მდე მედპერსონალიდან მხოლოდ 6-ის დასაქმება მოხერხდა, დანარჩენებს კი საავადმყოფოს დირექტორი ვერაფერს ჰპირდება.
“ბლოკ ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ 100%-იან წილს თავად ფლობენ და ექიმებს არანაირი წილი საავადმყოფოში არ ჰქონიათ. მათივე თქმით, საავადმყოფოს დახურვა მოძველებულმა აპარატურამ და ექიმების მიერ ტესტირებაზე ნაჩვენებმა დაბალმა ქულებმა განაპირობა.
916
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85