ტყიბულის ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის იდეამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ენერგეტიკოსები მას დადებითად აფასებენ, გარემოს დამცველები კი უკვე კრიტიკას არ იშურებენ.
“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ქვეყანაში რამდენიმე თბოსადგურს ააშენებს. ერთ-ერთი მათგანი გარდაბანში აშენდება, ტყიბულის ნახშირით მომარაგდება და მისი წლიური გამომუშავება 1,2მილიარდი კვტ-სთ იქნება, ინვესტიცია, სავარაუდოდ, 100 მილიონი დოლარი.
თბოსადგური გარდაბანში, კომპანიის კუთვნილი თბოსადგურების(თბილსრესი) მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. ზოგადად “საქართველოს ინდუსტრიული” ჯგუფი რამდენიმე თბოსადგურის მშენებლობას აპირებს, მაგრამ ჯერჯერობით, მოლაპარაკება, ისიც მემორანდუმის დონეზე მხოლოდ თურქულ კომპანია “მიმსან გრუპთან” შედგა.
“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორის ნათია თურნავას განცხადებით, თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება. გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში გაიზრდება “საქნახშირის” წარმადობა და ამისთვის ტყიბულში ახალი პროექტები განხორციელდება. ახალი სადგურის მუშაობისთვის ტყიბულიდან დამატებით მილიონ ტონამდე ქვანახშირი ჩამოიზიდება.
ეკოლოგები და გარემოს დამცველები ქვანახშირზე მომუშავე თბოსადგურების მშენებლობას მაინცდამაინც კარგი თვალით არ უყურებენ. მათი აზრით, ეს ეკოლოგიურ საფრთხეებს გამოიწვევს. ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენლის მანანა ქოჩლაძის განცხადებით, ქვანახშირის წვისას გამოიყოფა ატმოსფეროს დამაბინძურებელი აირები, მათ შორის ნახშირორჟანგი, გოგირდისა და სხვადასხვა აზოტის ოქსიდები, სხვადასხვა ოდენობით ტოქსიკური ნივთიერებები, მძიმე მეტალები, რომელიც ზრდის ე.წ. მჟავა წვიმების ალბათობას. ამასთან, ნახშირბადის წვისას გამოიყოფა ე.წ. მყარი ნაწილაკები, რაც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის.
“ამჟამად მსოფლიოში მიღებულია, რომ უნდა მოხდეს ქვანახშირის არსებული სადგურების გადაიარაღება, რათა მათ გამოყონ ნაკლები სათბური გაზი და ტოქსიკური ნივთიერებები. დაწესებულია საკმაოდ მკაცრი სტანდარტები როგორც აშშ-ში, ისე - ევროკავშირში.
ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა “გრინფისი” და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, მოითხოვენ მოხდეს ქვანახშირის სადგურების გადასვლა ბუნებრივ აირზე და არ მოხდეს ახალი სადგურების აშენება. მოხდეს მათი ჩანაცვლება ქარით, მზით და ა.შ.” - აცხადებს ქოჩლაძე.
გარემოსდამცველთა განმარტებებით, ქვანახშირის ელექტროსადგურები მიიჩნევა გლობალური დათბობის ერთ-ერთ მთავარ კონტრიბუტორად. “მწვანე ალტერნატივას”, “საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციისა” და ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის” ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ თეს-ის მშენებლობა, ერთი მხრივ, არ ესადაგება საქართველოს ენერგოპოლიტიკის მიმართულებებს, ხოლო მეორე მხრივ, მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაერო-ს კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციის მხარეთა წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ასევე, საფრთხეს უქმნის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის წარმატებულ განხორციელებას.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობის დედამიწის მეგობრობის თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძის კი ტყიბულის ქვანახშირის ხარისხზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ტყიბულის ქვანახშირის დიდი ნაცრიანობით გამოირჩევა. “აუცილებლად დათვლილი უნდა იყოს, სად წავა ნარჩენი, რა ტიპის გამონაბოლქვს გამოუშვებს, რა ფილტრები დაიდგმება. ყოველივე ამის შემდეგ უფრო კონკრეტულად იქნება შესაძლებელი, საფრთხეებზე ვისაუბროთ”, - ამბობს ჩხობაძე.
1268
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85