ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, პოპულარულმა ჯგუფმა “Mumford & Sons” ახალ სტუდიერ ჩანაწერზე მუშაობა დაასრულა.
2009 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი “Sigh No More” გამოსცა. ეს ნამუშევარი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ჰიტ-აღლუმებში მეორე ადგილზე გავიდა. 2010 წელს მუსიკოსებმა “გრემის” ორ ნომინაციაში გაიმარჯვეს. მათ აგრეთვე გადაეცათ “Brit Awards”-ის ჯილდო, რომელიც “წლის საუკეთესო ბრიტანული ალბომისათვის” დაიმსახურეს.
ჯერჯერობით უცნობია ახალი ჩანაწერის სახელწოდება და გაყიდვაში გამოსვლის ზუსტი თარიღი. სავარაუდოდ ალბომი დღის სინათლეს მიმდინარე წლის ზაფხულში იხილავს.
ჯგუფის გიტარისტი ბენ ლოვეტი ახალი ჩანაწერით ძალიან კმაყოფილია.
“სტუდიერ ნაშრომზე მუშაობა პრაქტიკულად დავასრულეთ. ოცამდე ახალი კომპოზიცია ჩავწერეთ და ამჟამად მათი გადარჩევით ვართ დაკავებულები. უახლოეს დღეებში რამდენიმე სიმღერას სხვადასხვა ვებ-გვერდებზე განვათავსებთ და ჯგუფის თაყვანისმცემლების რეაქციას დაველოდებით. რასაკვირველია ყველაზე პოპულარული კომპოზიციები ახალ ალბომში აღმოჩნდება. დისკზე მუშაობის პროცესით ჯგუფის წევრები კმაყოფილები დავრჩით. მიგვაჩნია რომ ახალი ალბომი “Mumford & Sons”-ის სტილსა და მიმდინარეობას ზუსტად შეესაბამება.” – განაცხადა ბენ ლოვეტმა.