შორენა ღლონტი, "გურიანიუსი"
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის" – ეს წარწერა უმწეოთა სასადილოს, დაახლოებით 2012 წლის 17 იანვრის 15 საათსა და 10 წუთამდე "ამშვენებდა". აღნიშნულ ობიექტს ბიუჯეტი, მხოლოდ მიმდინარე წელს, 75 000 ლარით აფინანსებს.
დღეს, მას შემდეგ, რაც "გურია ნიუსი" ამ აბრით დაინტერესდა და კომენტარისთვის ოზურგეთის გამგეობისა და საკრებულოს პრესსამსახურებს მიმართა, მოულოდნელად, აბრა თვალსა და ხელს შუა გაქრა.
ჩვენს კითხვაზე საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან ასეთი შინაარსის პასუხი მივიღეთ: "როგორც გვაცნობეს, მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ამჟამად, მსგავსი წარწერით აბრა არ აქვს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობასთან სასადილოს კავშირს, შეგახსენებთ, რომ უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის, თავის დროზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით დაწყებული პროექტია".
რატომ დასჭირდა ადგილობრივ ხელისუფლებას მსგავსი ქმედების ჩადენა, ამის მიხვედრა არც ისე რთულია. მაგრამ ამ "ისტორიული" აბრის ჩამომსხნელებს და ბრძანების გამცემ პირს ერთი პატარა დეტალი გამორჩათ "მხედველობიდან" – ჩვენს მიერ გადაღებულია ფოტომასალა, რომელზეც დაფიქსირებულია გადაღების დღე, რიცხვი, წელი და საათი. აღარაფერს ვამბობთ რიგით მოქალაქეებზე, რომლებმაც ამ აბრიან სასადილოს ბოლოს 17 თებერვლის სამ საათამდე ჩაუარეს და აბრის არსებობაც მშვენივრად ახსოვთ.
საქმე იმაშია, რომ სისხლის სამართლის კოდექსში, საარჩევნო კოდექსსა და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ ორგანულ კანონში ცვლილება, 2011 წლის დეკემბერში შევიდა. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური სუბიექტის მიერ ნებისმიერი სახის ქველმოქმედება დასჯადია.
– საკრებულოს თავმჯდომარეს მხოლოდ იმის გამო შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, რომ ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები ვალდებული არიან, კონტროლი გაუწიონ მათ მიერ დაფინანსებულ ობიექტებს, მით უმეტეს იმ ფაქტს, რომ ვინმე ამ ობიექტს პოლიტიკური ნიშნით არ იყენებდეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობა დადგება მაშინ, თუ კი, მათი სახსრებიდან ფინანსდება ეს ობიექტი. ასევე, ცალსახაა, რომ "ნაცონალური მოძრაობა" ამ ობიექტს პირდაპირ თუ არაპირდაპირ იყენებდა სააგიტაციოდ და შესაბამისი სანქციაც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაეკისროს. ხოლო თუ ინდმეწარმე დაკავშირებულია პარტიასთან, მაშინ შესაძლებელია, მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს, _ აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ბათუმის ოფისის იურისტი დავით მესხიძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები 657 000 ლარით დაფინანსდა. როგორც "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 მარტის #9 დადგენილებაში ცვლილებები 18 იანვარს გახორციელდა და საკრებულოს #2 დადგენილებით, განმარტებულია არაფულადი სოციალური დახმარების სახეები, რომლითაც უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახის მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფის საკითხი რეგულირდება".
პროგრამის განმახორციელებელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამსახური და პროგრამის მიზანია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეჭირვებული მოსახლეობის ყოველდღიური მატერიალური და მორალური დახმარება, ანუ მათი ყოველდღიური ერთჯერადი კვება.
როგორც შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური გვერდიდან ირკვევა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა და ინდმეწარმე ოლეგ შარაშენიძემ ხელშეკრულებას ხელი 2012 წლის 18 იანვარს მოაწერეს. ხელშეკრულების საგანი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით მომსახურებაა. ხელშეკრულების ღირებულება 71 800 ლარს შეადგენს და იგი ძალაში 2012 წლის 31 დეკემბრამდეა.
დავით მესხიძე "გურია ნიუსთან" საუბარში სხვადასხვა გარემოებებს უსვამს ხაზს. მისი თქმით, "საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პარტიის სააგიტაციო მასალა შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე შეიძლება განთავსებულ იქნას მესაკუთრის თანხმობით, მაგრამ მესაკუთრის თანხმობაც კი არასაკმარისია, როცა აგიტაციის მასალის განთავსებას ადგილი აქვს იმ ობიექტებზე, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, ან იმ იურიდიული პირისგან, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება. თუ მსგავსი ქმედება ხორციელდება, ამას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ჰქვია. ასე რომ, დაუშვებელია ამ სარეკლამო სააგიტაციო მასალის განთავსება ამ კონკრეტულ ობიექტზე. ეს იმ შემთხვევაში, თუკი "ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ აბრა აქვს განთავსებული. თუ ნაციონალური მოძრაობის სახსრებიდან ფინანსდება ეს ობიექტი, მაშინ ადგილი აქვს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის დარღვევას, რადგან პარტიას ეკრძალება ამ კანონის თანახმად საქველმოქმედო საქმიანობა, და მას ეს ჩაეთვლება "ამომრჩეველთა მოსყიდვად". იმ შემთვევაშიც კი, თუ ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით პარტია (ნაციონალური მოძრაობა) და ამ ობიექტის მესაკუთრე (ი/მ ან სხვა სახის იურიდიული პირი), დაუშვებელია საქველმოქმედო საქმიანობა. უფრო მეტიც, მაშინ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთან _ "ამომრჩეველთა მოსყიდვასთან". თუ ამ კონკრეტულ შენობაში არის განთავსებული "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიც, მაშინ აბრები განცალკევებული უნდა იყოს მაინც, რადგან დაუშვებელია რომელიმე პოლიტიკური პარტიის რეკლამირება ხდებოდეს საქველმოქმედო საქმიანობის ხარჯზე", _ ამბობს მესხიძე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე: – საქართველოს ორგანული კანონის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ 291-ე მუხლის შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს ყოველწლიურად გამოეყოფათ თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით.
როგორც თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, სასადილოს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან. შესაბამისად, თანხებიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი. ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის თანხები და შესაბამისად, ამ თანხით შესრულებული სამუშაო არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილებას. ზემო თქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ უფასო სასადილოზე წარწერა ატარებს კონკრეტულად ერთი პარტიის სარეკლამო ხასიათს და არაკანონიერია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის თემურ სალუქვაძის განცხადებით, "არსებული ხელისუფლება საპიაროდ იყენებს ქვეყანაში უპოვართა სახლებს გახსნას. ამის ბრწყინვალე მაგალითია ოზურგეთის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის, რომელსაც ამშვენებს "ნაციონალური მოძრაობის" აბრა. ყველა ნორმალური ხელისუფლებისთვის, უპოვარ ადამიანთა რიცხვის ზრდა კატასტროფა უნდა იყოს და ხელისუფლება უნდა ცდილობდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რომელიც შეჭირვებულ ადამიანს საკუთარი თავის რჩენის საშუალებას მისცემს. ამის საპირისპიროდ, ის ამაყობს ამ საგანგაშო სტატისტიკით. აქედანაც ჩანს მათი ბუნება და პოლიტიკური სარბიელიდან ჩამოშორების აუცილებლობა.
რაც შეეხება ასეთი სახლების ბიუჯეტიდან დაფინანსებას, ესეც ხომ თითოეული ჩვენგანის მიერ საშემოსავლო დაქვითვით მიღებული თანხიდან ხდება, ოღონდ "ნაციონალური მოძრაობა" ამას ისევ საკუთარ თავზე იწერს, რაც მათ მიერ მიღებულ კანონს ეწინააღმდეგება".
"ახალი მემარჯვენეების" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი და გურიის რეგიონის კურატორი ლევან კალანდაძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ ეს არის სახელმწიფოს კუთვნილი თანხების წინასაარჩევნო მიზნებისთვის და წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან: "ეს არის არსებული კანონმდებლობის უხეში დარღვევა და შეიძლება შეფასებულ იქნას როგორც ადმინისტრაციული რესურსების უხეშად და უკანონოდ გამოყენება, ამასთანავე, ამომრჩევლის მოსყიდვად", – გვითხრა კალანდაძემ.
"გურია ნიუსი" 17 თებერვალს, დაახლოებით, 14 საათსა და 20 წუთზე, კომენტარისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს პრესსამსახურებს დაუკავშირდა..
საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასეთი შინაარსის კომენტარი მოგვწერეს: "როგორც გვაცნობეს, მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ამჟამად, მსგავსი წარწერით აბრა არ აქვს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობასთან სასადილოს კავშირს, შეგახსენებთ, რომ უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის თავის დროზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით დაწყებული პროექტია".
გამგეობის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, რომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დაკავებულია და კომენტარისთვის მოგვიანებით მოიცლის.
ასე თუ ისე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ზემოთ ნახსენები აბრა "ოპერატიულად" ჩამოხსნა, თუმცა, არ უარუყვია, რომ სასადილოს მმართველ პარტიასთან აქვს კავშირი.
976
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85