გასულ კვირაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარიგება განხორციელდა: Google-მა კომპანია Motorola Mobility 12,5 მილიარდ დოლარად შეიძინა. გარდა იმისა, რომ განთქმული ინტერნეტ-გიგანტი ამგვარად ახალი ბაზრის დაპყრობას იწყებს, ამ გარიგებამ, შესაძლოა, სმარტფონების მწარმოებელთა შორის გაჩაღებულ საპატენტო ომში სერიოზული ცვლილებები შეიტანოს.
გარიგების შედეგად Google-ს საშუალება ექნება Motorola Mobility-ის პორტფელში არსებული 25 ათასი პატენტი და საპატენტო განაცხადი ხელში ჩაიგდოს. შედეგად, Google-ს საშუალება ექნება საკუთარი Android-ის პლატფორმა Apple-ის და Microsoft-ის საპატენტო თავდასხმებისაგან დაიცვას. გარდა ამისა, ინტერნეტ-გიგანტი ციფრული ტექნოლოგიების ბაზარზე ფეხს მყარად მოიკიდებს.
Google-ის ამ შენაძენმა, შეიძლება, დიდი დარტყმა მიაყენოს Apple-ს. საქმე ისაა, რომ შვილობილი კომპანია Motorola – MIMI ცდილობს აიფონების მწარმოებლებისაგან მისი ჩიპების გამოყენებისათვის დამატებითი შემოსავალი მიიღოს. საქმეში Google-ის ჩართვა კი ბრძოლაში ძალთა გადანაწილებას გვარიანად შეცვლის. ეს გარიგება უკვე ბევრმა მონათლა როგორც Android-ის გამარჯვების საწინდარი.
აღსანიშნავია, რომ Google კონკურენტებისაგან განსხვავებულ მდგომარეობაშია, რადგან იგი ჯერ ახალია ამ ბაზარზე და თავისი გამოკვეთილი სალიცენზიო პოლიტიკაც არ გააჩნია. Motorola Mobility-ის კი საპატენტო ომებში დიდი გამოცდილება აქვს მიღებული. გასულ წელს იგი Microsoft-მა მთელი რიგი პატენტების დარღვევაში დაადანაშაულა. ასევე საპატენტო თავდასხმებს ანხორციელებს Android-ზე Apple-იც. როგორც ცნობილია, ეს უკანასკნელი აშშ-ში საოპერაციო სისტემა Google Android 4.0-ის ბაზაზე მომუშავე Samsung Galaxy Nexus-ის გაყიდვების აკრძალვას მოითხოვს და ამტკიცებს რომ დარღვეულია მისი ოთხი პატენტი.
აღსანიშნავია, რომ Google-მა Motorola Mobility-ის შეძენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გასული წლის ზაფხულში ქსელური აღჭურვილობების გაბანკროტებული კანადური მწარმოებლის Nortel-ის შეძენას ცდილობდა, მაგრამ აუქციონი წააგო. ანუ, ინტერნეტ გიგანტი კარგა ხანია ცდილობს ახალ ბაზარზე ფეხი მყარად მოიკიდოს, Motorola Mobility-ით კი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კომპანია Motorola ორად გაიყო. ერთი, აწ უკვე Google-ის საკუთრება მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტურ კომპიუტერებს აწარმოებს, მეორე, Motorola Solutions კი სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის ბაზარზე მუშაობს.
გარდა ამისა, Google გასართობი ტექნოლოგიების ბაზარზე გასვლასაც ლამობს. კომპანია მუშაობს საშინაო გასართობი ცენტრის შექმნაზე, რომელიც კონტენტის Wi-Fi-ის საშუალებით იოლად გადაცემის საშუალებას მოგვცემს. ინტერნეტ-გიგანტმა ფედერალურ კომისიას უკვე მიმართა მოწყობილობის არალაბორატორიულ სიტუაციაში გამოცდის მოთხოვნით. ამასთან, Google-მა უკვე დააანონსა ხელსაწყო სახელწოდებით Project Tungsten, რომელიც პორტატული მოწყობილობაა, Android-ის ბაზაზე მუშაობს, სახლის სტერეოსისტემასთან დაკავშირება და Google-ის სერვისიდან მუსიკის პირდაპირ ტრანსლირება შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მოწყობილობა იქნება, რომელსაც Google თავისი ბრენდით გამოუშვებს. როგორც ცნობილია, აქამდე ინტერნეტ-გიგანტი ძირითადად პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში გამოგონებებზე მუშაობდა, თავის საძიებო სისტემაში ახალი სერვისების ინტეგრირებას ახორციელებდა, საკუთარი სოციალური ქსელი და მობილური ტელეფონებისათვის საოპერაციო სისტემა შექმნა.
კომპანია Sonos Inc, რომელიც მსგავს მოწყობილობებს უშვებს, უსადენო მუსიკალური სისტემების ბაზარს წელიწადში 8 მილიარდ დოლარად აფასებს. ცხადია, ეს Google-ისათვის არცთუ ისე დიდი ფულია, მაგრამ თუ კომპანია რაიმე ახალის, უკეთესის და იაფის შემოთავაზებას შეძლებს, ბაზარი, რა თქმა უნდა, გაიზრდება.
ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი ანალიტიკოსი შიშობს, ახალი ბაზრების ათვისების შემდეგ Google-მა თავისი თვითმყობადობა და ხიბლი არ დაკარგოს. თუმცა, დღევანდელ ბიზნესში მთავარი ფულია, რასაც ახალი ბაზრების ათვისებით Google უდავოდ ძალიან ბევრს გააკეთებს.
930
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85