ხათუნა ჩიგოგიძე, "ყველა სიახლე"
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ბანკი "ქართუ" კვლავ რჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. რა მდგომარეობაა ამჟამად ბანკში და ვინ ყიდულობს "ქართუს" კლიენტებისათვის ჩამორთმეულ ქონებას - ამის შესახებ ბანკის გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი გვიამბობს:
- ბატონო ნოდარ, ჩვენი საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ბანკ "ქართუს" 18 ოქტომბერს წართმეული ფული უკან დაუბრუნეს...
- იმის მიუხედავად, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები გადაწყვეტილების მიღებისას მეტისმეტად თავისუფლები არიან, ეტყობა, რაღაცას მაინც უწევენ ანგარიშს. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად მიიღეს, რომლებსაც საგანგებო შეხვედრა ჰქონდათ შსს-ს ხელმძღვანელობასთან. ჩანს, საქმეში ჩვენი უცხოელი კოლეგები ჩაერივნენ. თანაც, დაბრუნების ფორმა იყო ისეთი, რომ ეს ნებაყოფლობითი ნაბიჯი არ უნდა ყოფილიყო...
- როგორ დააბრუნეს ეს ფული?
- ფული ლამის მალულად დაგვიბრუნეს. ისეთ ანგარიშზე შეიტანეს, რომელზეც ჩვენ ვერ ვხედავთ თანხების განსაკუთრებულ მოძრაობას. შეიძლება ორი კვირა ისე გასულიყო, რომ ეს ამბავი ვერც გაგვეგო. არც კი უღიარებიათ, რაღაც რომ შეეშალათ, სამაგიეროდ, ამტკიცებენ, გამოძიება გრძელდებაო. როგორ მიმდინარეობს ეს გამოძიება, ჩვენთვის გაუგებარია, რადგან უკვე 4 თვე გავიდა და არავინ დაუკითხავთ, ინფორმაციაც კი არ მოუთხოვიათ არც ჩვენგან და არც ჩვენი პარტნიორი ბანკებისაგან. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, არაფერს იძიებენ, მაგრამ გამოძიება რომ შეწყვიტონ, უნდა აღიარონ, რომ გამოსაძიებელი არაფერია. ჩვენს საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს, 4 თვის წინ შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, როგორ დააკავეს ექვსი მოქალაქე და მათგან დიდი რაოდენობით ფული ამოიღეს. თუმცა შეგნებულად დამალეს, რომ ეს მოქალაქეები ინკასატორები იყვნენ და რომ ისინი ჩვეულებრივი საბანკო ოპერაციის განხორციელებას აპირებდნენ. ფულის დაბრუნების დღეს კი ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელეს: თანხა უკან დავუბრუნეთ, მაგრამ "დიდი ფულის გამთეთრებელი" ნოდარ ჯავახიშვილი და "ქართუ ბანკი" ხმას არ იღებენო. თანაც, უნაღდო ფული იმიტომ დავუბრუნეთ, რომ ვეღარ გაათეთრონო... ერთი სიტყვით, აბსოლუტური სისულელე. ჯერ ერთი, გათეთრება და გაშავება უნაღდო ფულისაც შეიძლება. თანაც, არ დაუბრუნებიათ უნაღდო. ვისაც საბანკო საქმე ოდნავ მაინც ესმის, ამას მიხვდება. პროკურატურას უნაღდო ფული როგორ უნდა დაებრუნებინა? იმ ნაღდ კუპიურებს, რომელიც ინკასატორებს წაართვეს, სად წაიღებდნენ? ჯერ შეიტანეს ეროვნულ ბანკში ჩვენს ანგარიშზე და ეროვნულმა ბანკმა ამ ნაღდი ფულის ეკვივალენტი დაგვისვა ანგარიშზე. რისთვის დასჭირდათ ტყუილი? - იმისათვის, რომ თავიანთი საქციელი გაემართლებინათ.
გადაშალეთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და ნახავთ, რომ არ ჰქონდათ ნივთმტკიცების დაბრუნების უფლება, ვიდრე საქმე არ დაიხურებოდა. ანუ, კანონი დაარღვიეს. თანაც, არ დაგვიბრუნეს საინკასაციო მანქანა, ვერ გავიგეთ - რატომ. თუმცა, როგორ დააბრუნებდნენ, მანქანაში ხომ კამერები იყო, რომლებიც ყველაფერს გადაიღებდნენ? ჩვენ ამის გამო საჩივარი გვაქვს მომზადებული. რომელსაც მაინც შევიტანთ, თუნდაც მანქანა დაგვიბრუნონ, რადგან ეს იყო დანაშაულებრივი მოქმედება - სამართალდამცველებმა აშკარად გადააჭარბეს თავიანთ უფლებამოსილებას.
- ბატონო ნოდარ, რას იტყოდით იმ ბრალდებების შესახებ, რომელიც თქვენ წაგიყენეს? - ფულის გათეთრება, რუსული არმიის დაფინანსება და ა.შ...
- მაინტერესებს, სად, რომელ გამოცემაში წაიკითხეს, რომ მე თურმე მსოფლიოში ცნობილი ფულის გამთეთრებელი ვარ, ან რუსულ ჯარს ვაფინანსებდი? 1997 წელს ზუსტად ანალოგიური შინაარსის გადაცემები გადიოდა სატელევიზიო ეთერში ნოდარ ჯავახიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ იმხანად ბიძინა ივანიშვილი არ უხსენებიათ, მხოლოდ ქვეყნის დამაქცევარ ნოდარ ჯავახიშვილზე იყო საუბარი. სხვა რა გზა მაქვს, უნდა ვაღიარო, რომ რუსულ არმიას დიდი ხანია ვაფინანსებ, უფრო მეტიც, რუსული არმიის გენერალისიმუსი ვარ. გრაჩოვი და სხვა თავდაცვის მინისტრები უჩემოდ ნაბიჯსაც ვერ დგამდნენ. მე რომ თავის დროზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ ვყოფილიყავი, დღეს რუსეთს არმია არ ეყოლებოდა და მხოლოდ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში კი არა, რუსეთის ტრამალებზეც ერთი ჯარისკაციც არ გაიჭაჭანებდა. სხვათა შორის, კა-გე-ბეს გენერალიც ვარ და, სამწუხაროდ, ელცინსა და პუტინს დაავიწყდათ, რომ ჩემი დამსახურება რაიმე ჯილდოთი აღენიშნათ (იცინის).
შიშს დიდი თვალები აქვს, თორემ ვის მოუვიდოდა აზრად, ეროვნულ ბანკში ჯავახიშვილის საქმიანობა ბიძინა ივანიშვილთან დაეკავშირებინა?
კიდევ ერთი არგუმენტი უნდა მოვიყვანო ამ აბსურდული ბრალდების საწინააღმდეგოდ - ეროვნულ ბანკს ყოველთვის უწევს აუდიტს მსოფლიოს წამყვან ოთხეულში შემავალი რომელიმე აუდიტორული კომპანია. ჰოდა, როგორ არ გაახმიანეს, თუ რუსულ ჯარს ვაფინანსებდი? ვინც ნოდარ ჯავახიშვილს იცნობს და იცის, რა მიკეთებია, ალბათ, ყველა იცინოდა ამ ბრალდებაზე. რომ არა ჟურნალისტების აქტიურობა, მე ამ აბსურდზე რეაქცია საერთოდ არ მექნებოდა.
- საზოგადოება დაინტერესებულია კახი კალაძის "პროგრეს ბანკის" ბედითაც. ითქვა, რომ მის წილს ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს.
- როგორც ვიცი, ბატონ ბიძინას გადაწყვეტილი აქვს ამ ბანკში თავისი წილი 25 პროცენტამდე გაზარდოს, "პროგრეს ბანკმა" ოფიციალურად მიმართა ეროვნულ ბანკს და ეროვნული ბანკიდანაც თანხმობა მიიღო. ამ ბანკსაც აქვს პრობლემები, იქაც შევიდა ეროვნული ბანკის ე.წ. შემმოწმებელთა ჯგუფი, რომელიც არაფერს ამოწმებს, მაგრამ ოპერატიულად აკონტროლებს მიმდინარე ოპერაციებს, რაც ყველა არსებული კანონისა თუ საერთაშორისო ნორმის დარღვევაა. არ ვიცი, ალბათ სასამართლოს უნდა მივმართოთ, რომ ეს უკანონობა აღვკვეთოთ. რისთვის სხედან აქ? - ეტყობა, ჰგონიათ, რომ შეიძლება რაღაც უკანონობა მოხდეს, ამიტომ წინასწარ უნდა გვაკონტროლონ, რაც ტოტალური რეჟიმების დროსაც კი არ ხდება. ეშინიათ, რამე არ დავაშავოთ და წინასწარ თავს იზღვევენ - ეროვნული ბანკი "ქართუს" მოლა ნასრედინივით ექცევა. წყალზე რომ გაგზავნი ადამიანს, წინასწარ რატომ უნდა სცემო, იქნებ სულაც არ აპირებს კოკის გატეხას? ამგვარი მიდგომა დემოკრატიის პრინციპებთან სრულიად შეუთავსებელია, მაგრამ ყველაზე მტკივნეული დარტყმა, რომელსაც ჩვენი ბანკის მიმართ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, არის ის, რომ გვართმევდა და ახლაც ყოველდღიურად გვართმევს გაცემულ უზრუნველყოფილ კრედიტებს და სანაცვლოდ არაუზრუნველყოფილ, უპერსპექტივო სესხებს გვიტოვებს. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ეს "ქართუ ბანკის" დასაქცევად და ჩასაძირად კეთდება. თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ეს ქონება, რომელიც ვითომ წაართვეს მფლობელებს, საბოლოოდ ისევ მათ დაუბრუნდებოდათ.
- ეს ვარაუდი მართლდება?
- გვაქვს ინფორმაცია, რომ 3 თებერვალს ჩვენთვის ჩამორთმეული ქონების დიდი ნაწილი გაიყიდა. რამდენიმე იურიდიულმა პირმა შეისყიდა უზარმაზარი ქონება. ეს, ძირითადად, არის ახლახან დაფუძნებული ფირმები და ორგანიზაციები. ვეჭვობთ, რომ ეს არის სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ფირმები, რომლის ხელმძღვანელებიც თავდაპირველი მფლობელების ახლობლები თუ არა, ნდობით აღჭურვილი პირები მაინც არიან. რაც ჩვენ ჩამოგვართვეს და სახელმწიფომ წაიღო, გაიყიდა პირდაპირი მიყიდვის წესით, ყოველგვარი აუქციონის გარეშე. მაგალითად, არის ასეთი შპს "რესა", რომელმაც ერთ დღეს 21 ობიექტი, 6 მილიონ 300 ათას ლარად შეფასებული ქონება ნახევარ ფასად შეიძინა. ამ შპს-ის ასი პროცენტის მფლობელია ვინმე გიორგი სირაძე. გაცილებით საყურადღებოა "პირიმზის" საკითხი, ანუ ლაურა ღაჭავასა და კოდუების ქონება. ჯამში, ეს არის 60 მილიონზე ძვირად შეფასებული ქონება, რომელიც ერთ დღეს, ვინმე ეკატერინე პაპავაძის მიერ დაფუძნებულმა ორმა ფირმამ ნახევარ ფასად შეისყიდა. ერთი მათგანი 2011 წლის დეკემბერშია დაფუძნებული, ხოლო მეორე - 2012 წლის 12 იანვარს, ორივეს საბიუჯეტო კაპიტალი მხოლოდ 200 ლარია. ორივეს დამფუძნებელი და დირექტორი ეკატერინე პაპავაძე გახლავთ. ეს ქალბატონი უცბად ყიდულობს 60 მილიონ 330 ათას ლარად შეფასებულ ქონებას ნახევარ ფასად. საინტერესოა, არა? - ამხელა ქონებას ყიდულობს 200 ლარის მფლობელი ფირმა, რომელიც 12 იანვარს არის შექმნილი. აქაც ჩნდება ეჭვი - ქალბატონმა ეკატერინე პაპავაძემ შეძენილი ქონება დაპირებისამებრ კოდუებს ხომ არ გადაულოცა?
კიდევ - არსებობს ვინმე ნანული ფარცვანია, რომელმაც 5 მილიონ 790 ათასად შეფასებული ქონება 2 მილიონ 895 ათასად შეიძინა. კიდევ შემიძლია იმ ხალხის დასახელება, რომელმაც ნახევარ ფასად იყიდა ჩვენი კლიენტებისათვის ჩამორთმეული ქონება, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანდა. სულ, ჯამში, 80 მილიონი ლარის ქონება გაყიდეს და ეს ყველაფერი ერთ დღეში, ანუ 3 თებერვალს მოაკვარახჭინეს. სხვათა შორის, ახლაც მიმდინარეობს ჩვენი კლიენტებისათვის ქონების ჩამორთმევა და მისი რეალიზაცია. ასე თავხედურად, დაუფარავად ეწევიან დანაშაულებრივ ოპერაციებს "ქართუ ბანკის" ჩასაძირავად. ეროვნული ბანკი კი, რომელიც, წესით, ქართული ბანკების მამა უნდა იყოს, ხელისუფლების მიერ ჩადენილ ყველა უკანონობაზე თვალს ხუჭავს. ასრულდა ის, რასაც ვამბობდით - წართმეულ ქონებას უკან უბრუნებენ ყველას, ვისაც დაჰპირდნენ, ამიტომაც არიან ჩუმად. ბიზნესმენმა სერგი კაკალაშვილმა, მაგალითად, თქვა, რომ მისთვის არაფერი წაურთმევიათ, სინამდვილეში წაართვეს, მაგრამ მაინც მშვიდად არის. თუმცა, ყველაფერს აქვს დასასრული. ვიმედოვნებ, რომ საქართველოშიც დადგება სამართლიანობის ეპოქა და მერე ვნახავთ, რა განწყობაზე იქნებიან დღევანდელ ხელისუფლებასთან მწარედ შეკრული ე.წ. ბიზნესმენები, რომლებიც დღეს ღიმილით გვესაუბრებიან ცისფერი ეკრანიდან.
927
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85