გერმანული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, პოპულარული ჯგუფი “Scorpions”-ის წევრები ამჟამად გამოსამშვიდობებელ მსოფლიო საგასტროლო ტურნეში იმყოფებიან. მუსიკოსები აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას მიმდინარე წლის დეკემბრის დასასრულს შეწყვეტენ.
ჯგუფის გიტარისტის რუდოლფ შენკერის ინფორმაციით, მომავალი წლის დასაწყისში ის და მისი კოლეგები ძველ საარქივო მასალებს ჩაუჯდებიან. მუსიკოსების მტკიცებით მათ დღემდე გამოუქვეყნებელი 900 საათის ჩანაწერები გააჩნიათ.
“Scorpions”-ის წევრები ამ კომპოზიციებს გულდასმით გამოიკვლევენ და უახლოეს წლებში რამდენიმე ახალ ალბომს გამოსცემენ.
ჩანაწერებთან ერთად მუსიკოსები ჯგუფის ისტორიის ამსახველი უცნობი ფოტომასალის გამოქვეყნებასაც აპირებენ.
გერმანული როკ ჯგუფი “Scorpions” 1965 წელს ქალაქ ჰანოვერში დაარსდა. მისთვის დამახასიათებელია როგორც კლასიკური ჰარდ-როკი, ასევე ლირიული როკ-ბალადებიც.
ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის განმავლობაში “Scorpions”-ს 150 მილიონი ცალი ალბომი აქვს გაყიდული.
ჯგუფის ამჟამინდელ შემადგენლობაში შედიან კლაუს მაინე, რუდოლფ შენკერი, მატიას იაბსი, პაველ მონჩივოდა და ჯეიმს კოტაკი.
მსოფლიო ასპარეზზე ჯგუფი 1972 წელს გამოჩნდა, როდესაც სადებიუტო ალბომი “Lonesome Crow” ჩაწერა. სულ გამოშვებული აქვს 19 სტუდიური ჩანაწერი. ამათგან ბოლო “Sting In The Tail” გასულ წელს გამოვიდა.