გუშინ მუსიკალურმა გამოცემამ “Billboard” აშშ-ის წინა კვირის სინგლების მორიგი ჰიტ-აღლუმი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ ამ ჩამონათვალში წინა კვირას გარდაცვლილი უიტნი ჰიუსტონის ერთდროულად სამი კომპოზიცია მოხვდა.
“I Will Always Love You” მეშვიდე პოზიციაზე განთავსდა, “I Wanna Dance With Somebody (Who Loves Me)” 35-ე ადგილზე აღმოჩნდა, “Greatest Love of All” კი 41-ე იყო.
წინა კვირის სინგლების რეიტინგის ლიდერი კელი კლარკსონის კომპოზიცია “Stronger (What Doesn't Kill You)” აღმოჩნდა. მეორე ადგილი ადელის სიმღერამ “Set Fire to the Rain” დაიკავა, მესამეზე კი ჯგუფი “fun”-ის კომპოზიცია “We Are Young” განთავსდა.
მუსიკალური ალბომების რეიტინგში ყველას ადელის “21”-მა აჯობა. მეორე პოზიცია Van Halen-ის ახალმა ნამუშევარმა “A Different Kind of Truth” დაიკავა, მესამე ადგილზე კი კრებული “Now 41” გავიდა.
სერ პოლ მაკარტნის ახალი ალბომი “Kisses on the Bottom” მეხუთე გახლდათ.