მიმდინარე წლის 9 თებერვალს ბერლინის ტრადიციული კინოფესტივალი დაიწყო. ეს ღონისძიება 19 თებერვლამდე გაგრძელდება.
გუშინ “ბერლინალეს” ორგანიზატორებმა ცნობილ ამერიკელ მსახიობს, 62 წლის მერილ სტრიპს “ოქროს დათვის” სპეციალური პრიზი გადასცეს.
“მერილ სტრიპი თანამედროვეობის უდიდესი კინომსახიობია. ამ სფეროში მან მთელი ეპოქა შექმნა. ის ერთნაირი ოსტატობით თამაშობს როგორც დრამატულ კინოში, ისე სხვადასხვა კომედიებში. მოხარული ვარ რომ მის წვლილს სათანადოდ ვაფასებთ.” – განაცხადა ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიალზე “ბერლინალეს” დირექტორმა დიტერ კოსლიკმა.
მერილ სტრიპი კინოფესტივალის საპატიო სტუმარია. საინტერესოა, რომ ფესტივალზე მსახიობის ხუთ სურათს უჩვენებენ. მათ შორისაა მისი ბოლო ნამუშევარი “რკინის ლედი”, სადაც მერილ სტრიპი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის როლს ასრულებს.