საინფორმაციო სააგენტო “Reuters”-ის ცნობით, ცნობილ ამერიკელ მომღერალ უიტნი ჰიუსტონს მიმდინარე წლის 18 თებერვალს ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში მდებარე ბაპტისტური ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.
ამერიკული მას-მედიის ცნობით, მომღერლის გარდაცვალების მიზეზებზე ამჟამად სპეციალური გამოძიება მიმდინარეობს. ექიმები თავიანთ ოფიციალურ დასკვნას ჰიუსტონის დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ. ცნობილია, რომ მუსიკოსი მისმა მცველებმა სააბაზანო ოთახში უკვე გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ვერსიით, ჰიუსტონს ალკოჰოლის გარკვეული დოზა ჰქონდა მიღებული. სასტუმროს ნომერში დაბრუნების შემდეგ ფსიქოტროპული წამლები მიიღო და ამ მიზეზის გამო გულმა უმტყუნა.
ლოს-ანჯელესის “Beverly Hilton”-ის სასტუმროსთან ჰიუსტონის ხსოვნის იმპროვიზებული მემორიალი მოეწყო, რომელსაც ყოველდღე ათასობით ამერიკელი სტუმრობს და საყვარელ მომღერალს უკანასკნელ პატივს მიაგებს.
გუშინ ეს ადგილი სერ პოლ მაკარტნიმ და მისმა მეუღლე ნენსი შეველმაც მოინახულეს. ცნობილმა მუსიკოსმა მემორიალი ყვავილებით შეამკო, შემდეგ კი ადგილობრივ მას-მედიასთან საუბრისაგან თავი შეიკავა.
“უიტნი უდიდესი მომღერალი გახლდათ. მისი არყოფნა თითოეულ ჩვენთაგანს დააკლდება. ჰიუსტონისნაირი შემოქმედები იშვიათად იბადებიან.” – ასეთი გახლდათ პოლ მაკარტნის მცირე კომენტარი.