ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, ჯგუფმა “Gorillaz” და მისმა ერთ-ერთმა დამაარსებელმა დეიმონ ალბარნმა ახალი პროექტი განახორციელეს. მუსიკოსებმა რეპ-დუეტი “Outkast”-ის წევრ ანდრე ბენჯამინთან და პროექტი “LCD Soundsystem”-ის დამაარსებელ ჯეიმს მერფისთან ერთად ერთობლივი კომპოზიცია ჩაწერეს.
ეს გახლდათ შემადგენელი ნაწილი პროექტისა რომელსაც ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია “Converse” აწარმოებს. მისი სახელწოდებაა “Three Artists. One Song”. პროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სამი განსხვავებული მუსიკალური სტილის შემსრულებელი ერთ საერთო კომპოზიციას ასრულებს.
კომპანიამ “Converse” მსმენელებს ორი ნამუშევარი უკვე წარუდგინა. პირველი გახლავთ კომპოზიცია “All Summer”. მის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს რეპერმა Kid Cud-მა, “Vampire Weekend”-ის წევრმა როსტამ ბატმანგლმა და “Best Coast”-ის ლიდერმა ბეტანი კოსენტინომ.
ცოტა ხნის წინ დღის სინათლე კიდევ ერთმა კომპოზიციამ იხილა. სიმღერა “I’m a Goner” ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო დუეტმა “Matt and Kim”, რეპერმა Soulja Boy და მომღერალმა Andrew WK.
ახალი კომპოზიციის პრემიერა მიმდინარე წლის 23 თებერვალს გაიმართება. ცოტა მოგვიანებით დეიმონ ალბარნი 12 წუთიან ვიდეოკლიპსაც გადაიღებს
ელექტრონულ-ვირტუალური ჯგუფი “Gorillaz” ერთგვარი მუსიკალური პროექტია, რომელიც 1998 წელს განახორციელეს მუსიკოსმა დეიმონ ალბარნმა და მხატვარმა-მულტიპლიკატორმა ჯეიმი ჰიულეტმა. ამ უკანასკნელს ეკუთვნს თავის დროზე დიდ ბრიტანეთში პოპულარული კომიქსების სერიის “Tank Girl” შექმნის პატივი.
პროექტი “Gorillaz” უშუალოდ მუსიკალური კომპოზიციების გარდა ითვალისწინებს გამოგონებული ანიმაციური პერსონაჟების მონაწილეობასაც. ამ მიზეზის გამო “Gorillaz”-ს ვირტუალურ-მუსიკალური ჯგუფის სახელი აქვს.
ჯგუფი ოთხი ვირტუალური-ანიმაციური მონაწილისაგან შედგება: 2D (ვოკალი, კლავიშები), მერდოკი (ბას-გიტარა), ნუდლი (გიტარა, კლავიშები, ვოკალი) და რასელი (დოლი).