ინვესტიციები და დასაქმება – ორი ნიშანი, ტოლობის გარეშე

ინვესტიციები და დასაქმება – ორი ნიშანი, ტოლობის გარეშე

[მაკა ჯაიანი]
ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში, საქართველოს ხელისუფლებისგან მრავალგზის ხაზგასმული განმარტებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტოლფასია. ჩვენი ხელისუფლებისგან ხაზგასმული იყო ისიც, რომ ყველა ინვესტორს, რომელიც საქართველოში შემოვა, ადგილობრივების დასაქმების ვალდებულება ექნება.

ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც „საქსტატის“ ვებგვერდზე მოიპოვება, 2004 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, საქართველოში 499,1 მლნ. აშშ დოლარი შემოვიდა, 2005 წელს - 449,8; 2006 - 1 190,4; 2007 - 2 014,8; 2008 - 1 564,0; 2009 (წინასწარი მონაცემებით) – 759,1. სახელმწიფოს მმართველების განცხადებებით, ინვესტიციების შემოსვლა ჩვენ ქვეყანაში ვერც აგვისტოს მოვლენებმა და ვერც მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა შეაჩერა, თუმცა, უმუშევრობის, ფაქტობრივად, 17-პროცენტიანი (2009 წელი - 16,9%) დონე (335,6 უმუშევარი 1991,8 ეკონომიკურად აქტიური მოქალაქის ფონზე) არ მეტყველებს იმაზე, რომ ინვესტიციებსა და დასაქმებას შორის ტოლობის ნიშანია.

„ძვირფასი“ უცხოელები და „იაფი“ ადგილობრივები
ექსპერტები, თითქმის, ერთხმად აცხადებენ, რომ უცხოელი ინვესტორები, ძირითადად, ერთნაირ პოლიტიკას ატარებენ, - მართვის აპარატში, მაღალანაზღაურებად ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისა და მუშების თანამდებობებზე თავიანთი ხალხი მოჰყავთ და მხოლოდ, დაბალანაზღაურებად შავ სამუშაოებზე ასაქმებენ ადგილობრივ მოსახლეობას.

ეკონომიკის ექსპერტ ბონდო ზარნაძეს ასეთი მაგალითი მოჰყავს: „3-4 წლის წინათ, რუსთავის აზოტის ქარხანაში მშენებლობა რომ მიმდინარეობდა, თურქები თავიანთ მუშებს თვეში 2500-3000 დოლარს უხდიდნენ, ხოლო ჩვენებს - 350-400 ლარს. უცხოელი ინვესტორები ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას, ძირითადად, დისკრიმინაციის ხარჯზე ასაქმებენ. ჩვენი უცხოელი ინვესტორები არ ითვალისწინებენ სოციალურ მდგომარეობას, რომელშიც საქართველო იმყოფება, თუმცა მდგომარეობა უფრო რთულადაა – დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 50 არშემდგარ სახელმწიფოთა სიაშია. სომალის, მოზამბიკის და ბანგლადგეშის გვერდით ვდგავართ, მიზეზი კი ტერიტორიული მთლიანობის არქონა და არასტაბილური პოლიტიკური სისტემაა“ (გაზეთი „სოლიდარობა“ N2, 2009 წელი).

მსგავსი მაგალითი, სამწუხაროდ, არა ერთია. წელს, მაისში, ღირსეული ანაზღაურებისა და შრომის პირობების მოთხოვნით, გაიფიცნენ რუსთავში მდებარე ქართულ-ინდური საწარმო „ჯეოსტილის“ მუშა-მოსამსახურეები. მათ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საწარმოში დასაქმებული ადგილობრივები მოითხოვდნენ: ხელფასის 25-30%-ით მომატებას, წყლის, აბანოს, გასახდელების, ტუალეტისა და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების მოწესრიგებას, ბიულეტინების ანაზღაურებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, გაფიცულები აცხადებდნენ, რომ საწარმოში დასაქმებული ინდოელების ანაზღაურება და პირობები მათისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

ერთი თვით ადრე, აპრილში, მასშტაბური გაფიცვა გაიმართა „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველობის ქვეშ მყოფ საწარმოებში - ზასტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და ჭიათურის მაღაროებში. გაფიცვის მიზეზი იქ არსებული მძიმე შრომითი პირობები და სამსახურებიდან ადამიანების უკანონოდ გათავისუფლება იყო. ერთი მეორის მიყოლებით გამართული ეს აქციები ადასტურებს მხოლოდ ერთს - ვითარება, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისა და შრომითი პირობების (მათ შორის - შრომის უსაფრთხოების) თვალსაზრისით, რთულია.

დაბალი შეფასების მიზეზები
ქართველი სპეციალისტებისთვის დასაქმებაზე უარის თქმისა და მათთვის დაბალი ანაზღაურების დანიშვნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მათი არასაკმარისი კვალიფიკაცია სახელდება. იმაზე, რომ, საბჭოთა კავშირის ფარგლებში, საქართველო, ამ მხრივ, თანამედროვე მოთხოვნებს ჩამორჩა, ლაპარაკი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიწყო. განათლების მაშინდელი მინისტრი ალექსანდრე კარტოზია შესაბამისი სტანდარტების შექმნასა და სპეციალურ პროგრამებზეც საუბრობდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროფესიული სწავლების რეფორმის დაწყების შესახებ 2005 წელს განაცხადა. სამინისტროში მოქმედებს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი, რომლის საქმიანობის მიზანსაც წარმოადგენს:

მოსახლეობის პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება, პირის პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა; ეკონომიკის უზრუნველყოფა შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრებით, პროფესიული განათლების სისტემის მისადაგება სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებთან; დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით; ახალ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან მოსახლეობის მისადაგების ხელშეწყობა მის მიერ საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების გზით; პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა მობილობის წახალისება; საზოგადოებისაგან გარიყვის რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პირობების შექმნა; მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის განვითარება; პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა.

ზუსტად ერთი წლის წინათ, იმ დროს, რომელზეც „საქსტატის“ ბოლო ოფიციალური მონაცემები მოგვითხრობს, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნანი დალაქიშვილი აცხადებდა: “ბევრი ვეცადეთ, უცხოელ ინვესტორებამდე გზა გაგვეკვალა და კონტაქტები მოგვეძებნა, მაგრამ უშედეგოდ. მაგალითად, ყულევის ტერმინალში რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა, აზერბაიჯანელ ინვესტორებს გავსაუბრებოდით, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ხობში და ფოთში იმ მიზნით ჩამოვაყალიბეთ პროფესიული სასწავლებლები, რომ ახლო იყო ტერმინალთან, ვიფიქრეთ, რომ იქვე დაუკვეთავდნენ სპეციალისტებს და მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შევძლებდით. სამინისტროდან გავგზავნეთ წერილი, შეხვედრა შედგა, მაგრამ საუბრისას გაირკვა, რომ გადამზადების ცენტრებს იქ არ ენდობიან. განაცხადეს, გვირჩევნია აზერბაიჯანიდან ჩამოვიყვანოთ სპეციალისტები და ჩვენი ხალხი დავასაქმოთო” (გაზეთი „სოლიდარობა“ N2, 2009 წელი).

რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, კაზრეთში, სააქციო საზოგადოება მადნეული და კვარციტის გამამდიდრებელ კომბინატი, თავად უკვეთავს სპეციალისტების მომზადებას; სასტუმრო “რედისონმა”, როცა პროფესიონალ კადრებზე კონკურსი გამოაცხადა, ცენტრში გააგზავნა წარმომადგენლები, რომლიებიც გამოცდას დაესწრნენ, რამდენიმე სტუდენტი შეარჩის და აიყვანეს. ასევე; 19 მეფოლადის თანაშემწე დაუკვეთა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ბაზარზე ჩამოყალიბებულმა შ.პ.ს. “ქართულმა ფოლადმა”.

პროფესიული განათლების მართვა
საქართველოს მთავრობის N678 განკარგულებით, 2009 წლის 18 სექტემბერს შეიქმნა „სახელობო განათლებისა და მომზადების ეროვნული ნპროფესიული საბჭო“. მას სათავეში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უდგას, შემადგენლობაში კი არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ფინანსთა სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების, მთავრობის კანცელარიის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პროფესიული კავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, პროფესიული სწავლების ცენტრების წარმომადგენლები.

საქართველოს მთავრობის მიერ ცოტა უფრო ადრე (2008 წლის 12 მარტი) მიღებული გადაწყვეტილებით (განკარგულება N 113), შექიმნა სახელმწიფო პროგრამა „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“, რომლის მიზანიც, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი კადრებით დასაკმაყოფილებლად, პროფესიული განათლების სფეროში კერძო სექტორი ჩართვა იყო. პროფესიული სასწავლებლების მოსაწყობად, გადაწყდა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში, გადაეცემა. ამასთან - მინიმუმ, 50 პროფესიული მომზადება-გადამზადების ცენტრის ინვესტიციების მოზიდვის გზით შექმნა.

განკარგულების მიხედვით, ასევე, გადაწყდა: საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში, პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნა, რომელთა კურსდამთავრებულნიც კონკურენტუნარიანი იქნებიან შრომის ბაზარზე; თანამედროვე სტანდარტებით კვალიფიციური კადრების მომზადება, როგორც გრძელვადიანი პროგრამებით, ისე პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი კურსებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განტავსებული საჯარო პროფესიული სასწავლებელების ჩამონათვალში არის 41 სასწავლებელი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ნაწილში ფუნქციონირებს; იქვე იპოვით 58 კერძო პროფესიული სასწავლებლის ჩამონათვალსაც. პროფესიულ სასწავლებელში გადამზადების მსურველებისთვის ასაკობრივი ცენზი არ არსებობს, სწავლების ხანგრძლივობა სპეციალობაზეა დამოკიდებული, თუმცა, მაქსიმალური ვადა ორ წელის შეადგენს.

პროფესიული განათლების სპეციალური პროგრამები მუშავდება იმის მიხედვით, თუ რომელი დარგია კონკრეტულ რეგიონში აქტუალური. პრიორიტეტულად, დღეისთვის, მიჩნევა 13 დარგი: ენერგეტიკა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, მედიცინა, მენეჯმენტი და ფინანსები, მომსახურება, მრეწველობა, მშენებლობა, პოლიგრაფია, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ტურიზმი, სასტუმრო და სარესტორნე საქმე, ხალხური რეწვა და ზოგადი მომზადება. ამ დარგებიდან, ყველაზე დიდი მოთხოვნა კი, ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე და მშენებლობის სპეციალობებზეა.

მიუხედავად ყველაფერ ამისა, უმუშევრობის არსებული მაჩვენებელი და ზემოთ მოყვანილი მაგალითები ცხადჰყოფს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ჯერაც ვერ შეძლო ისეთი „პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნა, რომელთა კურსდამთავრებულები შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნებიან“.