უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა

უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა

“Associated Press”-ის ცნობით, 48 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი მომღერალი უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა. ცხედარი ქალაქ ლოს-ანჟელესის სასტუმრო “Beverly Hilton”-ში აღმოაჩინეს. დღეს მომღერალი “გრემის” 54-ე ნომინანტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს უნდა დასწრებოდა.

ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, მომღერლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. არის ვარაუდი რომ ის ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღებას ემსხვერპლა.

ბოლო წლების განმავლობაში ჰიუსტონს ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკების მიმართ მიდრეკილება გააჩნდა. ამ მიზეზის გამო მუსიკოსს 2010 წლის მსოფლიო საგასტროლო ტურნეს გაუქმება მოუწია. მართალია მოგვიანებით ამ მავნე ჩვევებისაგან თავის დასახსნელად, რამდენიმე თვიანი მკურნალობის კურსი გაიარა, მაგრამ ეს ნაბიჯი ალბათ უკვე დაგვიანებული გახლდათ.

2009 წელს მომღერალმა ალბომი “I Look To You” ჩაწერა. ამ ნამუშევარმა ამერიკულ ჰიტ-აღლუმებში პირველი ადგილი დაიკავა. ამის გარდა ეს დისკი კანადის, გერმანიის, იტალიისა და შვეიცარიის მუსიკალური ალბომების რეიტინგებშიც გალიდერდა.

უიტნი ჰიუსტონი ჩინებული კინომსახიობიც გახლდათ. 1992 წელს მან კევინ კოსტნერთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ფილმში “მცველი”.

უიტნი ჰიუსტონი გინესის რეკორდების წიგნის ერთ-ერთი საპატიო წევრია. ეს აღიარება იმ ჯილდოების რაოდენობით დააიმსახურა რომელიც მუსიკალური კარიერის პერიოდში მიიღო – 411. ამათგან აღსანიშნავია “გრემის”- 6, “ემის” – 2, “American Music Awards”-ის 23 და “Billboard Music Awards”-ის 16 ჯილდო.