პოპ–პორტრეტები: რორი გალახერი – ირლანდიური ბლუზის დიდოსტატი

პოპ–პორტრეტები: რორი გალახერი – ირლანდიური ბლუზის დიდოსტატი

ზოგიერთი მუსიკოსი მსმენელთა მხრიდან განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს და ყურისთვის შესამჩნევი დასახვეწი შემოქმედებითი მომენტების მიუხედავად, თითქოს კრიტიკისგანაც კი დაზღვეულია... ასეთია ირლანდიური ბლიუზის დიდოსტატი რორი გალახერი, რომლის ხელწერაც კლასიკურ ბლიუზმენთა უმრავლესობისთვის ალბათ მიუღებელიცაა, თუმც მსმენელისთვის და კრიტიკოსებისთვისაც კი, მოსაწონი. რორი გალახერს ხშირად ითხოვენ მსმენელები რადიოგადაცემებში და მას ინტერნეტ საიტებზეც სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების უამრავი მხილველი ჰყავს, თუნდაც ინგლისში, სადაც ბლიუზ-შემსრულებელთა რაოდენობა 60-ების ბოლოსა და 70-ების დასაწყისში, ისედაც საკმარისი იყო...

კარიერა რორის თავიდანვე საკმაოდ იღბლიანად აეწყო, რადგან 12 წლისამ მშობლიურ ქალაქ კორკში ნიჭიერი გიტარისტების კონკურსზე გაიმარჯვა და საჩუქრად პირველი ელექტროგიტარაც მიიღო, რაც უკვე 2 წლის შემდეგ 100 გირვანქა სტერლინგად ნაყიდი ამერიკული Fender Stratocaster-ით შეცვალა. ამ ინსტრუმენტზე რორი სიცოცხლის ბოლომდე უკრავდა, მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ კი კომპანია Fender –მა მის საპატივცემულოდ, მცირეოდენი ტირაჟით ეს გიტარა ხელახლა დაამზადა...

გასული საუკუნის 60-ელთა რიტმ-ენდ-ბლიუზური ახალგაზრდული  ენთუზიაზმის  მიუხედავად, რორი სხვა შემსრულებლებისაგან ენერგიულობით მაინც გამოირჩეოდა. ამ მუსიკოსში იყო რაღაც ისეთი, რაც გამორიცხავდა მისი მუსიკალური ხელწერის რაიმე ტიპის მსგავსებას, თუნდაც მის თანამედროვე უმნიშვნელოვანეს ტრიოებთან - Cream და Jimi Hendrix Experience...

პირველი ტრიო Taste გალახერმა 1965 წელს ჩამოაყალიბა. როკ-ნ-როლისა და ბლიუზის საწყისებზე აწყობილი კლასიკური ირლანდიური სამეული თავიდანვე ორიენტირებული იყო კონცერტებზე, სადაც განსაკუთრებით ვლინდებოდა რორი გალახერის საოცარი გახსნილობა პუბლიკასთან და იმპროვიზაციულ მხარეს ხშირად უფრო ემოცია ავითარებდა, ვიდრე თავად მუსიკა. ამაში ხომ რორის საკმაოდ ორიგინალური ვოკალური მხარეც ეხმარებოდა... Taste -მა როკ-საგანძურს ორი სტუდიური და ორიც საკონცერტო ჩანაწერი დაუტოვა, რომელთაგან მეორემ დიდწილად განაპირობა მუსიკოსის მომავალი წარმატებული კარიერა. რორი გალახერი ლონდონის მახლობლად, მსმენელის წინაშე Isle of Wight-ის ფესტივალზე წარდგა The Who, Jimi Hendrix, The Doors, Jethro Tull, Ten Years After, Emerson Lake and Palmer და სხვა ცნობილ ჯგუფებთან ერთად. „ინგლისურმა ვუდსტოკმა“ ცხადყო, რომ ზემოთჩამოთვლილ იმ დროისათვის უკვე ბუმბერაზ ჯგუფების გვერდზე, მოკრძალებულად რორი გალახერის ტრიოს ხსენებაც შესაძლებელი იყო...

ამავე პერიოდს დაემთხვა ბასისტ გერი მაკავოისთან და მედოლე უილგარ კემპბელთან ერთად  ჩაწერილი რორის პირველი სოლო ალბომები, რომლებმაც აშკარად გამოავლინეს მუსიკოსის პირდაპირობიდან, ენერგიულობიდან, შინაგან სითბოდან თუ კულტურიდან გამომდინარე ბლიუზ–როკული რეპერტუარის სულისკვეთება, ასევე ირლანდიის მძიმე წარსულის მიზეზით გამოწვეული სევდა, ასახვა ფილმში The Irish Tour რომ ჰპოვა, საიდანაც განსაკუთრებით ქართველი კაცისთვისაა გასაგები, თუ როგორ სურს მუსიკოსს მთელი მსოფლიოს წინაშე ინგლისელების მიერ უსამართლოდ ჩაგრული ირლანდიელი ხალხის ხვედრის წარმოჩენა.

Cradle Rock, As The Crow Flies, Million Miles Away, Too Much Alcohol სიმღერებია, რომლებმაც ზედმიწევნით ზუსტად გამოხატეს მუსიკოსის განწყობა სხვადასხვა რიტმითა და ქრონომეტრაჟით. კვარტეტის სახით ჩაწერილმა ორდისკიანმა საკონცერტო ალბომმა The Irish Tour საღერღელი მის მიმართ სხვა მუსიკოსებსაც აუშალა და იმავე პერიოდში Deep Purple–დან წასული რიჩი ბლეკმორის ნაცვლად, დევიდ კოვერდეილმა ლეგენდარულ ჯგუფში ჯეფ ბეკთან ერთად, გიტარისტის სავარაუდო კანდიდატურად სწორედ რომ ირლანდიელი წარადგინა. აქამდე კი, 1972 წელს Melody Maker–ის მიერ რორი გალახერის წლის საუკეთესო მუსიკოსად დასახელების შემდეგ, მას Rolling Stones  მიკ ტეილორის შემცვლელად მოიაზრებდა და თანხმობის შემთხვევაში ალბათ ვეღარასოდეს მოვისმენდით ისეთ შესანიშნავ ალბომებს, როგორიცაა Top Priority, Photo Finish და Deep Purple–ს ბასისტ როჯერ გლოვერის პროდიუსირებით ჩაწერილი Calling Card. ამავე პერიოდს ემთხვევა დიდ მადი უოტერსთან და ჯერი ლი ლიუისთან ერთად ჩაწერილი London Sessions.

რორი გალახერის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მის მუსიკალურ ხელწერას მსოფლიოში აღიარებულ ალბათ ნებისმიერ როკ–ვარსკვლავთან შედარებით, შესაძლოა ყველაზე ნაკლებად შეეხო 80–ების დისკო და სინთეზატორული ბუმი. იგი ამისათვის თურმე დიდი ხნით ადრე იყო მზად, რადგან მისი რეპერტუარის მოჩვენებითი ერთფეროვნების ფონზე, მუსიკოსის შემოქმედებითი  თვალსაწიერი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო როგორც ინსტრუმენტული სპექტრის, ასევე ჟანრობრივი თვალსაზრისითაც და კომერციასთან ბრძოლა გალახერმა პრაქტიკულად 1974 წელს ჯგუფში მოყვანილი  ლუ მარტინის კლავიშების უცნაური ბგერით დაასრულა, რაშიც უბრალოდ იგულისხმებოდა „კომერციული (ოღონდ სინამდვილეში არქაული) ჟღერადობა“! ამიტომაც, თუნდაც ჯიმი ჰენდრიქსისგან განსხვავებით, გალახერს „მტრები“ არც პრიმიტიული მუსიკის მოტრფიალეთაგან ჰყოლია.

„კარგი ტიპის“ იმიჯს ფართო საზოგადოებაში მას ხომ  ალკოჰოლისადმი სწრაფვაც უათკეცებდა. მუსიკოსის სასცენო ხელწერა კი 80–იან–90–იან წლებში უცვლელი რჩებოდა და უშრეტი ენერგიით აღსავსე კონცერტები ულმობლად სპობდა მის ჯანმრთელობას. საბოლოოდ რორი არა იმდენად ალკოჰოლის, არამედ ანტიბიოტიკებისა და დამამშვიდებლების მსხვერპლად იქცა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე,  მუსიკოსმა ბრიტანული ფოლკ–როკის ცნობილ წარმომადგენლებთან – ბერტ იენშთან, მარტინ კარტისთან, ასევე ლონი დონეგანთან და The Dubliners–თან ერთად, აკუსტიკური სიმღერების ნაკრები ჩაწერა, რაც 2003 წელს გედის სიმღერად ქცეულ საოცარ ალბომ  Wheels Within Wheels –ში აისახა...

რორი გალახერი, ალბათ არა იმდენად როგორც მუსიკოსი, არამედ როგორც პიროვნებაა მისაბაძი ათობით ცნობილი თანამემამულისა, თუ „უცხოელისათვის“ – გარი მურით, ვივიენ კემპბელითა თუ U2–ით დაწყებული, ბრაიან მეით, გლენ ტიპტონითა, თუ სლეშით დამთავრებული. ეს მხოლოდ უმნიშვნელო ჩამონათვალია იმ მუსიკოსებისა, რომლებიც მათივე სიტყვით ინატრებდნენ თავ–თავიანთ კონცერტებზე რორი გალახერის საკონცერტო გარემოს.

სწორედ ამიტომაცაა, რომ მუსიკოსები რორი გალახერს ყოველთვის კეთილად მოიხსენიებენ და ირლანდიაში მის სახელს ატარებს პაბები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები და ქუჩები, ხოლო ქალაქ კორკში კი ირლანდიური ბლიუზის დიდოსტატის საპატივცემულოდ, ძეგლიც კი აღმართეს.