მიმდინარე წლის 14 აპრილს ამერიკის ქალაქ კლივლენდში მდებარე როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ახალი წევრების მიღების მორიგი საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.
უკვე ცნობილია, რომ ამ საპატიო ორგანიზაციაში ფრედი კინგი, დონ კირშნერი, კოსიმო მატასა, ტომ დაუდი, გლინ ჯონსი, ლორა ნირო, დონოვანი და ჯგუფები “Red Hot Chili Peppers”, “Gun N'Roses”, “The Small Faces/The Faces” და “Beastie Boys” გაწევრიანდებიან.
ორი დღის წინ გამოცემამ “The Rolling Stone” გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდების დარბაზის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით 14 აპრილს დამატებით კიდევ ექვს ახალ წევრს მიიღებენ.
ეს პატივი ჯგუფებს “Blue Caps”, “The Comets”, “The Crickets”, “The Famous Flames”, “The Midnighters” და “The Miracles” ერგოთ.
ამ ჯგუფების ლიდერები სხვადასხვა დროს დიდების დარბაზში უკვე გაწევრიანებულები არიან. ამ მიზეზის გამო მომავალი ღონისძიების ორგანიზატორებმა თავად ამ ჯგუფების მიღებაც გადაწყვიტეს. კერძოდ ბადი ჰოლი (“The Crickets”) და ჯეიმს ბრაუნი (“The Famous Flames”) დიდების დარბაზში 1986 წელს მიიღეს, ბილ ჰეილი (“The Comets”) და სმოკი რობინსონი (“The MIracles”) 1987 წელს, ჰენკ ბალარდი (“The Midnighters”) 1990 წელს, ჯინ ვინსენტი (“Blue Caps”) კი 1998 წელს.