ჯგუფი “Pulp” დიდ ბრიტანეთში დააფასეს

ჯგუფი “Pulp” დიდ ბრიტანეთში დააფასეს

მიმდინარე წლის 29 თებერვალს ლონდონში, მუსიკალური გამოცემა “New Musical Express”-ის ნომინანტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამ ღონისძიებაზე პოპულარულ ჯგუფს “Pulp” ერთ-ერთ ჯილდოს გადასცემენ. ჯგუფის წევრებმა ეს აღიარება თანამედროვე პოპულარული მუსიკის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის დაიმსახურეს.

“Pulp” გასული საუკუნის 70-იანი წლების დასასრულს ჩამოყალიბდა. სადებიუტო ჩანაწერი “It” 1983 წელს გამოსცეს. მუსიკალური კარიერის განმავლობაში შვიდი ალბომი გამოუშვეს. ბოლო სტუდიურმა ნაშრომმა “We Love Life” დღის სინათლე 2001 წლის შემოდგომაზე იხილა.

2002 წელს “Pulp” დროებით დაიშალა. 2010 წლის ივნისში ჯგუფის წევრები კვლავ გაერთიანდნენ და რამდენიმე კონცერტი ჩაატარეს.

გასული წელს მუსიკოსებმა “გლასტონბერის”, რედინგისა და ლიდსის ფესტივალებზე მიიღეს მონაწილეობა. მიმდინარე წლის ზაფხულში “Pulp”-ს დიდ ბრიტანეთში ხუთი საკონცერტო გამოსვლა აქვს დაგეგმილი.