დღეს,18 აპრილს, მომავალ დიპლომატთა კლუბისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ეგიდით დაიწყო დიპლომატიის სკოლის მეორე ნაკადი. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო ურთიერთობებით, ეკონომიკით, პოლიტიკითა და დიპლომატიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებას, რაც შემდგომში მათ დაეხმარება პროფესიის არჩევაში.
პროექტში შერჩეულ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში. გახსნის ცერემონიაზე მომავალ დიპლომატთა კლუბის საპატიო პრეზიდენტი ბ-ნი გიორგი კაციტაძე მონაწილეებს ესაუბრა თავისუფალი უნივერსიტეტის შესახებ. აღმასრულებელი ბორდის წევრმა რევაზ თოფურიამ - კლუბის ისტორიაზე, განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე, ხოლო გიორგი მელაშვილმა დიპლომატიის სკოლის პროექტის შესახებ ისაუბრა - მის შინაარსსა და მიზნებზე.
ლექციების ჩატარებამდე,ტრადიციულად, კოორდინატორებმა მოსწავლეებს მოუწყვეს გაცნობითი ხასიათის ტური უნივერსიტეტში. მათ დაათვალიერეს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მუზეუმი, მოინახულეს ჩინური, არაბული და სპარსული და სხვა ენების კაბინეტები. ექსკურსიის შემდეგ კი პროექტის მთავარ, სალექციო ნაწილზე გადავიდნენ. ლექციები იყო ინტერაქციული ხასიათის, რაც გულისხმობდა მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას ცოდნის მიღების პროცესში.