საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიზიტით კიევში იმყოფება, უკრაინის დედაქალაქში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ უკრაინა და საქართველო ძალიან მალე ერთად გახდებიან მშვიდობიანი ევროპის ნაწილი.
„საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში დაიწყო იმ ადგილების მონახულებით, სადაც ბოლო ხანებში განვითარდა ის ტრაგიკული მოვლენები, რომელსაც მრავალი ადამიანი შეეწირა, მათ შორის ქართველები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ საქართველოს, ქართველების თანადგომა უკრაინელი ხალხის, უკრაინისადმი. პატივი მივაგეთ გარდაცვლილი გმირების ხსოვნას. სამწუხაროდ, ამ დღეებში, როცა უკრაინისკენ მოვემგზავრებოდით, კიდევ ერთი ქართველი შეეწირა აქ საომარ მოქმედებებს - გიორგი ჯანელიძე. მინდა იმედი მქონდეს, რომ აღარ გაგრძელდება მსხვერპლი და ეს პრობლემები მოგვარდება მშვიდობიანი გზით, თუმცა ამის ნათელი პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. ჩვენი ვიზიტის მიზანია, გავაგრძელოთ ის ძალიან მეგობრული, თანამშრომლური ურთიერთობა, რაც გვაქვს ჩვენს კოლეგებთან - უკრაინის რადას წარმომადგენლებთან. გვექნება შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასე, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა და საქართველო ძალიან მალე ერთად გახდებიან მშვიდობიანი ევროპის ნაწილი. ჩვენ ამ საქმეში ვთანამშრომლობთ და ვაგაგრძელებთ ამ ძალიან ნაყოფიერ და პროდუქტიულ თანამშრომლობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.