მოსამართლე არსებობს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი არ იქცეს პრესკონფერენციების ჩატარების ადგილად

მოსამართლე არსებობს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი არ იქცეს პრესკონფერენციების ჩატარების ადგილად

მოსამართლე არსებობს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი არ იქცეს ახლობლების მონახულებისა და პრესკონფერენციების ჩატარების ადგილად, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა.

როგორც მწარიაშვილმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, ის უგულავასა და მერაბიშვილის საქმეს კარგად არ იცნობს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა.

"ის, რომ სასამართლო პროცესი არ იქცეს ახლობლების მონახულების ადგილად, პრესკონფერენციების ჩატარების ადგილად და ა.შ., ამისთვის არსებობს მოსამართლე. მოსამართლეს აქვს ყველა ბერკეტი და ვალდებულება იმისთვის, რომ სასამართლო არ იქცეს იმად, რისი მომსწრენიც დღეს გავხდით. ბრალდებულს პროცესზე მხოლოდ ის ფუნქციები აქვს, რაც მას კანონით აქვს და არა ამაზე მეტი. ბრალდებულისთვის არ არსებობს ყველაფერი, რაც მას მოესურვება. ბრალდებულებს მხოლოდ იმ საკითხებზე უნდა გაეცათ პასუხი, რა კითხვაც ექნებოდა მათთან მოსამართლეს და დამთავრდა. მოსამართლეს ევალება პროცესის წაყვანა და მან პროცესი არ უნდა გადააქციოს შოუდ. აპლოდისმენტებიც ზუსტად იმ კატეგორიას განეკუთვნება, რაც არ უნდა მოხდეს სასამართლო დარბაზში", - განაცხადა მწარიაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო წლებში ასეთი კატეგორიის პროცესებზე მოსამართლეები ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობენ სასამართლო პროცესების ტრიბუნად გადაქცევას. მწარიაშვილი დარწმუნებულია, რომ ჩვეულებრივ რიგით საქმეზე მოსამართლე ბრალდებულს ასეთი ტექსტებით გამოსვლის საშუალებას არ მისცემს.

მისივე თქმით, ძალიან ცუდია, რომ გიგი უგულავას საქმეზე განაჩენი არ დადგა ამდენი ხნის განმავლობაში, ვინაიდან როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს განსაკუთრებული გულმოდგინება ევალება, რათა საქმე საპატიმრო ვადებში დაასრულონ. თუმცა ამ შემთხვევაში პრეტენზიების ადრესატი უფრო სასამართლო უნდა იყოს, ვიდრე – პროკურატურა.

"ერთი აღმკვეთი ღონისძიების პირობებში სასამართლო იყენებდა ხოლმე მეორე აღმკვეთს და აქ ახალი არაფერი მომხდარა. რა წუთშიც სასამართლო ამას ასე არ გააკეთებს, პროკურატურა აღარ მიმართავს მსგავსი შუამდგომლობით", - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.