"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს დაინტერესდნენ კახა ნაკანის საკითხით და უმოკლეს ვადებში მოხდეს მისი გადაყვანა სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებიდან შესაბამის დაწესებულებაში. ზურა ჯაფარიძემ ეს განცხადება დღეს სპეციალურ ბრიფინგზე, ქუთაისში გააკეთა:
"ჩვენი დღევანდელი პროტესტი უკავშირდება ერთადერთ ადამიანს, ეს არის კახა ნაკანი, პოლიციელი, სპეცდანიშნულების რაზმის ყოფიი ხხელმძღვანელი, რომელიც არის არაერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი და 90-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ყველა ომის მონაწილე, რომელიც დღეს იმყოფება უკანონო პატიმრობაში. კახა ნაკანი არის ივანიშვილის პირადი პატიმარი და მისი დღევანდელი პატიმრობა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკურ მიზნებს. ის არა მხოლოდ იმყოფებდა უკანონო პატიმრობაში, არამედ კანონის დარღვევით იმყოფება სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში, სადაც მასზე მუდმივად ხორციელდება ზეწოლა, როგორც ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, ისე კრიმინალური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ გვინდა, რომ ამას მიაქციოს ყურადღება საქართველოს პარლამენტმა და ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან და შესაბამისი კომიტეტისგან დაინტერესდნენ ამ საკითხით და უმოკლეს ვადებში უზრუნველყონ კახა ნაკანის გადაყვანა სასჯელაღსრულების შესაბამის სპეციალურ დაწესებულებაში, მანამ სანამ მოხდება მისი სრული გათავისუფლება" განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.