ირაკლი ღარიბაშვილმა შიდა ქართლში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა

ირაკლი ღარიბაშვილმა შიდა ქართლში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა

ჩვენ პირველად განვახორციელეთ ვაშლის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ფარგლებში, ფერმერებმა 43 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩააბარეს და 4 მილიონ 355 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" პროექტის ფარგლებში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს ამ დარგის განვითარებისთვის.

"შიდა ქართლში გაცემულია 79 მილიონზე მეტი ოდენობის 3 ათასამდე სესხი. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 3 მილიონზე მეტი ლარით დაფინანსებულია 9 ახალი საწარმო. გადაიარაღებულია 61 საწარმო. ამისათვის 15 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის სესხი გავეცით. გარდა ამისა, ჩვენ ვეხმარებით მცირემიწიან ფერმერებს საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში. მაგალითად, 2013 წელს შიდა ქართლში 95 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო 20 მილიონ-ნახევარზე მეტის სარგებელი. 2014 წელს დახმარება მიიღო 74 ათას 683-მა ბენეფიციარმა. ეს გახლავთ 5 მილიონ-ნახევარზე მეტი სარგებელი სასოფლო-სამეურნეო საქონლის და 2 მილიონამდე სარგებელი მიწის სამუშაოების სახით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება წლევანდელ გაზაფხულს, პრემიერ-მინისტრის თქმით, 75 ათას 490 ბენეფიციარისთვის გამოყოფილია 8 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარება.

"იცით, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში გასული წლის სექტემბერში ჩვენ დავიწყეთ აგროდაზღვევის პროექტის განხორციელება. ამ პროექტის შედეგად, პირველად საქართველოში, ფერმერებს საკუთარი მოსავლის დაზღვევის საშუალება მიეცათ. შიდა ქართლში უკვე გაცემულია 399 პოლისი. დაზღვეულია 12 მილიონზე მეტი ღირებულების მოსავლი. მოგეხსენებათ, შიდა ქართლი ვაშლის მხარეა. ჩვენ ხელს ვუწყობთ აქაურ ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციაში. ჩვენ პირველად განვახორციელეთ ვაშლის სუბსიდირების ამგვარი პროგრამა, რომლის ფარგლებში ფერმერებმა 43 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩააბარეს და მიიღეს 4 მილიონ 355 ათასი ლარის შემოსავალი. აქედან სუბსიდიამ 3 მილიონ ლარს გადააჭარბა. მე ვიტყოდი, რომ სწორედ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გლეხების რეალური მხარდაჭერა და არა ის, რასაც ვხედავდით ქართულ სოფლებში წლების განმავლობაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას. შიდა ქართლის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს 47 კოოპერატივს და ისინი მუშაობენ მემარცვლეობის, მებოსტნეობის, მეხილეობის, მენერგეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებით.

"ჩვენ დავეხმარეთ 19 კოოპერატივს მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკის კომპლექტებითა და ხელით სათესებით. ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს სამელიორაციო სისტემას სოფლის მეურნეობისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ ამ კუთხით ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავეთ. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად იმატა წყლით უზრუნველყოფილი ფართობების მოცულობამ. რაც შეეხება მელიორაციის კუთხით მიმდინარე პროექტებს, მათი ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარამდეა. ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელიც კეთდება შიდა ქართლში, რადგან, მოგეხსენებათ, სარწყავი წყლით უზრუნველყოფა იყო პრაქტიკულად დაუძლეველი პრობლემა, რომელიც აქამდე წინა ხელისუფლებამ ვერ მოუგვარა ადგილობრივ გლეხებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სულ ახლახან გორში გაიხსნა სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამედროვე სტანდარტების ახალი ოფისი, რომელიც რეგიონის მოსახლეობას სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიის მიმართულებით სრულყოფილ სერვისს სთავაზობს და ეს პროცესი თანდათან უფრო აქტიურდება.

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2013-2014 წლებში შიდა ქართლის რეგიონში აშენდა 23 კმ გზა - ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, მიმდინარე წლის განმავლობაში კი დასრულდება 8 კმ გზის მშენებლობა.

"ჩვენ დავასრულეთ ნაპირსამაგრი პროექტები კასპში, აგრეთვე გორის, ქარელის, ხაშურის რაიონებში. გარდა ამისა, შიდა ქართლში 12 კმ-ზე მეტი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო პროექტები განვახორციელეთ. მიმდინარე წელს დაგეგმილია მინიმუმ 28 კმ გზის რეაბილიტაცია. რაც შეეხება წყალმომარაგებას, ქარელში დავასრულეთ წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. პროექტის დაწყებამდე მოსახლეობას წყალი დღეში მხოლოდ 4 საათით მიეწოდებოდა, ახლა კი წყლის მიწოდების გრაფიკი მკვეთრად გაუმჯობესდა. ამ პროექტის ღირებულებამ 787 ათას ლარს გადააჭარბა. გასულ წელს დასრულდა წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია კასპში და ასევე გაუმჯობესდა წყლის მიწოდების გრაფიკი. ამ პროექტის ღირებულება 2 მილიონს აჭარბებს. ანალოგიური პროექტი განვახორციელეთ დაბა სურამში. ამ პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია. მიმდინარე წელს ჩვენ ვაგრძელებთ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ქარელში. ეს არის თითქმის 2 მილიონამდე ღირებულების პროექტი, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ქარელის 18-24-საათიანი წყალმომარაგება. ასევე, ჩვენ ვგეგმავთ ხაშურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას. ამ პროექტის სავარაუდო ღირებულება 11 მილიონ ლარს აჭარბებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ განახორციელა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა შორისაა სატყეო გზების მოწყობა, საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია, წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში და ასეთივე ინფრასტრუქტურულ პროექტებს წელსაც განახორციელებს.

"გარდა ამისა, რეგიონში ჩვენ განვახორციელეთ მყარი ნარჩენების მართვის პროექტები, რაც მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.