საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ყოფილი უნივერმაღის შენობა შეისყიდა, სადაც თანამედროვე, A კლასის სავაჭრო ცენტრი გალერეა თბილისი განთავსდება. ფონდმა ობიექტი ჰოლანდიურ საინვესტიციო ჯგუფ „დორიფორისგან“ შეისყიდა. A კლასის სავაჭრო ცენტრის ჯამური სავაჭრო ფართი 22,000 მ² იქნება. შენობის სამხრეთ ნაწილში 300-მდე ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა.
თანაინვესტირების ფონდში ამბობენ, რომ გალერეა თბილისში თავისუფალი თეატრი და ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი იქნება ინტეგრირებული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირების დასკვნით ნაწილზე მუშაობა და მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება. ამავე წლის შემოდგომაზე გალერეა თბილისი ოფიციალურად გაიხსნება.
"ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის გაჯანსაღების საქმეში. იგი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას და საერთაშორისო ბრენდების შემოსვლას. პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოებზე სხადასხვა პერიოდში დასაქმებულთა რიცხვი ჯამში 1000 ადამიანს გაუტოლდება”. აცხადებს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.