ჩვენ განსაკუთრებული ვალდებულება გვაქვს შიდა ქართლის მიმართ, ამ რეგიონს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, ვინაიდან ომის კვალი ადვილად არ ქრება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" პროექტის ფარგლებში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი ამ რეგიონის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა.
"რეგიონების გაძლიერება მთავრობამ ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა და ჩვენ თანამიმდევრულად ვდგამთ ნაბიჯებს იმისათვის, რომ რეგიონები გამოცოცხლდეს, მოსახლეობა წელში გაიმართოს. ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენ განსაკუთრებული ვალდებულება გვაქვს შიდა ქართლის მიმართ. ამ რეგიონს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, ვინაიდან ომის კვალი ადვილად არ ქრება. ის უბედურება, სტრესი და ტრაგედია, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ გადააქვს ადგილობრივ მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ადვილად გადასალახი არ არის. ჩვენ შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შიდა ქართლი მაქსიმალურად მოკლე დროში დადგეს ფეხზე. ჩვენ ვგრძნობთ განსაკუთრებულ ვალდებულებას მათ წინაშე. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ხალხის მხარდაჭერა და მთლიანად, რეგიონის მოსახლეობისთვის მაქსიმალური პირობების შექმნა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ის პროექტები, რომლებიც შიდა ქართლში უკვე განხორციელდა.
"პირველ რიგში, მე მინდა შევეხო იძულებით გადაადგილებული პირების - ჩვენი დევნილების საკითხს. შიდა ქართლის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფილია 249 დევნილი ოჯახი, საცხოვრებელი ფართობი დაუკანონდა 300 დევნილ ოჯახს. სოციალური პაკეტით ისარგებლა 8 195 ოჯახმა. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო მილიონ შვიდასი ათას ლარამდე. მე მინდა აქვე გითხრათ, რომ მიმდინარე წელს საფუძველი ჩაეყრება გორში 480-ბინიანი კორპუსების მშენებლობას და ჩვენი დევნილები, საკუთარ სახლებში ღირსეულად დაბრუნებამდე, იცხოვრებენ საკუთარ ჭერქვეშ და ექნებათ ცხოვრების ღირსეული პირობები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში შიდა ქართლში 13 მილიონამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა და ეს თანხა სამთო-მოპოვებით მრეწველობაში, გადამმუშავებელ მრეწველობასა და უძრავ ქონებაში ჩაიდო.
"მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა საინტერესო ბიზნესპროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს შიდა ქართლის ფეხზე დაყენებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.